“როგორც წარსულში, დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო”- მეუფე შიო

11
spot_img

“როგორც წარსულში, დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო – იმედი გვაქვს, რომ თქვენი წინამძღოლობით და წმინდა ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, ეს გამოწვევებიც დაიძლევა და უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება”,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) წერილშია ნათქვამი.

მეუფე შიო წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით ულოცავს პატრიარქს დიდი წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელის და ასევე წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს.

“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს თქვენი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელის და ასევე წმინდა ილია მართლის ხსენებას.

ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.

ერთ-ერთი დიდი სიწმინდე, რომელიც მცხეთაში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის სიახლოვეს არის დაფლული, წმ. ილია წინასწარმეტყველის ხალენია. სახელი ილია ღვთის ძალას ნიშნავს და სწორედ ამ დიდი წმინდანის სახელი გეწოდათ თქვენ 1957 წელს მონაზვნად აღკვეცისას. როდესაც ვფიქრობთ თქვენს განვლილ გზაზე, თქვენს დიდ ღვაწლზე, სწორედ თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება, რარიგ უშიშრად და მოშურნედ მსახურობდა იგი ღვთისგან განდგომილ ხალხში რწმენის დანერგვისათვის. არანაკლებ რთული იყო ასევე კომუნისტური დევნის შედეგად ეკლესიას დაშორებული ერის რწმენისკენ შემობრუნება, რაც თქვენ შეძელით, ღვთის შეწევნით, თქვენი მფარველი წმინდანის მეოხებით და თქვენი დაუღალავი შრომით. იმ მძიმე წლებიდან მოყოლებული, როდესაც თქვენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხი ჩაიბარეთ, მთელი თქვენი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურებით „ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს“.

თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ მუდამ გრძნობთ ილია წინასწარმეტყველის სულიერ ძალას, მის მფარველობას და ყოველთვის ცდილობთ, თქვენი მფარველი წმინდანის მსგავსად შთაგვაგონოთ, რომ ეკლესიური ცხოვრება და ადამიანთა სულების აღშენება მხოლოდ მოწყალებით, სიყვარულითა და მოთმინებით არის შესაძლებელი.

“პატრიარქის მსახურება მუდმივი მოწამეობაა!“ – გითქვამთ თქვენ და ალბათ მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი დარდი, ტკივილი და განსაცდელი დაითმინეთ პატრიარქობის უმძიმეს გზაზე.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნეში საქართველოს ეკლესიის ფერისცვალება და ქართველი ერის სულიერი აღმავლობა სწორედ თქვენს საპატრიარქო მსახურებას უკავშირდება.

“როცა ვუყურებთ ჩვენ წარსულს და დღევანდელ დღეს, გვეთქმის მხოლოდ ერთი – დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მართლაც, მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა დღეს სუფევს საქართველოში“, – აღნიშნავთ თქვენ და ჩვენც, თქვენი სულიერი შვილები, ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენს ქვეყანას.

დიდხანს შეიძლება ისაუბრო ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თქვენ მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ. ღვთისგან მომადლებული მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, არ არსებობს საეკლესიო სფერო, რომელთა განვითარებაშიც თქვენ განსაკუთრებული წვლილი არ მიგიძღოდეთ.

თქვენი სიბრძნე, სიმშვიდე, დიდი სიყვარული და მიმტევებლობა ნებისმიერი აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანს უთბობს გულს. სწორედ ამ თქვენმა თვისებებმა არაერთხელ გადაარჩინა საქართველო მძიმე განსაცდელს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდია თქვენი წვლილი ქართული ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის საქმეში. ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ, თუ როგორ შეძლო ეკლესიამ თქვენი წინამძღოლობით, ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ფუნქციის შესრულება. რა გვაძლევს ძალასა და შემართებას, გადავიტანოთ და დავძლიოთ ამ ეპოქის ყველა სირთულე და გამოწვევა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უფლის მადლია, და ამასთან – თავგანწირული, მამობრივი სიყვარული, სიბრძნე და სულიერება თქვენნაირი წინამძღოლისა.

როგორც წარსულში, დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევის მცდელობისას თქვენი სიტყვები გვახსენდება: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ… ორი ძალა – სულიერი და ეროვნული – გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც…“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი წინამძღოლობით და წმინდა ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, ეს გამოწვევებიც დაიძლევა და უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს! დიდი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით, გამოვითხოვთ რა თქვენს ლოცვა-კურთხევას, შევთხოვთ უფალს თქვენს მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა საკეთილდღეოდ. ამინ.

ის პოლა ეტი დესპოტა”, – წერია მეუფე შიოს წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.