“როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე ონკოჰემატოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეძლებენ დახმარება მიიღონ უცხოეთის იმ კლინიკაში, რომელსაც თავად შეარჩევენ”

112
spot_img

როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე ონკოჰემატოლოგიის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეძლებენ დახმარება მიიღონ უცხოეთის იმ კლინიკაში, რომელსაც თავად შეარჩევენ და ამაში მათ რჩევას სამინისტროსთან არსებული სპეციალური საბჭოც გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კლინიკები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მდგომარეობის მართვის პროცესში გარკვეულწილად მაინც ჩართული იქნებიან. კერძოდ, ონკოლოგიური დიაგნოზი საქართველოს კლინიკებში დაისმება და შემდეგ უცხოეთის კლინიკებში გადამოწმდება. უცხოეთში მკურნალობის შემდეგ კი ბავშვს მეთვალყურეობას ქვეყანაში ისევ ქართველი ექიმები გაუწევენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და პრაქტიკულაად, ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები უცხოეთში მიიღებენ მკურნალობას, ამის პარალელურად, ქვეყანაში აუცილებლად მოხდება უფრო ფორსირებული განვითარება იმ სერვისების, რასაც ამჟამად ბავშვები უცხოეთში მიიღებენ. ეს კიდევ უფრო სტიმულს მისცემს ჩვენთანაც ამ სერვისების განვითარებას“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, პროგრამისთვის ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის ყველაზე საუკეთესო, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკები შეირჩა.

„ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული პაკეტი იმის და მიხედვით, თუ როგორც მას დაუნიშნავს ექიმი საქართველოში, საწყისი დიაგნოსტიკის შემდეგ. მკურნალი ექიმი მშობელთან და ბავშვთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა იქნება ოპტიმალური შემდგომ მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს დამოკიდებული იქნება, ბავშვს რა სერვიზი სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.