საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.
დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ალი ასადოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არის. შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალშივ გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად, ძალიან ბევრი რეგიონული პროექტები გავაკეთოთ, რათა ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, არსებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტური იყოს, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.