როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ – ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა დესტრუქციისა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება“.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, არჩევნები დანიშნოს და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ეს „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ იქნება.
„სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა წინადადება, რომ შეექმნა ტექნიკური მთავრობა, ჩრდილოვანი მთავრობა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინა, მთელი რიგი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო შეთავაზებული ოპოზიციის მიმართ და იქნა უარყოფილი. ახლა, როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაუჭირა მხარი კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის. რა ფორმატი და პლატფორმაც არ უნდა შექმნან, რასაკვირველია, მთავარი ისაა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აწყობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც სალომე ზურაბიშვილი და ყველა ის რადიკალური პოლიტიკური სუბიექტები მიჰყვებიან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახელის ქვეშ.
სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კონსტიტუციური უფლება, არჩევნები დანიშნოს, გარდა იმის შემთხვევისა, თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რიტორიკიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადავა, რასაც ჰქვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რასაკვირველია, ეს მცდელობა შეესაბამება გარკვეულ დანაშაულს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია აღწერილი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში ერთიანი აზრი არ არსებობს, უნისონია იმის თაობაზე, რომ „სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ როგორც მშვიდობის მტრედი“.
„ერთიანი აზრი არ არსებობს. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას გულისხმობს. ამ გეგმას უპირისპირდება ნებისმიერი სხვა, რომელსაც რაღაც პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ჰქვია. მიუხედავად ამ განსხვავებისა, მაინც მგონია, რომ სერიოზული უნისონია, შეთანხმებული პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ როგორც მშვიდობის მტრედი და თუ ამ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლებას სერიოზული და საფუძვლიანი პრეტენზია ექნება, წამოწიონ აზრი, რომ მშვიდობიანი შეთავაზება უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ, ხოლო სიმართლე და სწორი გზა არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გვთავაზობს და რასაც ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა ჰქვია. ეს არის სცენარი, რომელიც უნდათ, საზოგადოებას შემოაპარონ და ქუჩაში დამატებითი ძალები გამოიყვანონ, რაც რთული იქნება იმ ვითარებაში, როდესაც ხალხს კარგად ესმის, რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.