როგორც ცნობილი გახდა, დღეს, 25 აპრილს, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ბალოტირებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ბრიტანული „როიტერის“ (Reuters) მიერ გუშინ, 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ახლა უკვე 2020 წელი აღარ არის“: ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია – გამოწვევები და მოლოდინები“ (ავტორი – ჯეფ მეისონი).
„ეს წინასაარჩევნო კამპანია სარდაფში აღარ გაიმართება“ – მიმომხილველთა ნაწილი ასე 2020 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიას ეხმიანება, როცა მათი თქმით, პანდემიის ფონზე, ბაიდენმა კამპანია მეტწილად ვილმინგტონში მდებარე საკუთარი სახლის სარდაფიდან წარმართა. ეს იმ ფონზე, როცა იმჟამინდელი მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მხარდამჭერების შეკრებებზე სიტყვით გამოდიოდა.
მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ პოსტპანდემიური წინასაარჩევნო კამპანია, ბაიდენისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის. ორ წყაროზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის ფორმალური ვიდეო განცხადება მიმდინარე კვირის სამშაბათს გაკეთდება.
წინასწარი ინფორმაციით, ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის კონვენცია ონლაინ ღონისძიების ნაცვლად, პირისპირ შეხვედრით გაიმართება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი კამპანია, 80 წლის ბაიდენისთვის, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი უკვე არის, დამატებით გამოწვევებს შექმნის.
2020 წელს, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმით დაამარცხა. ტრამპის შემთხვევაში, კოლეგიის ხმათა რაოდენობა 232-იყო. ბაიდენმა გაიმარჯვა მერყევ შტატებში, პენსილვანიასა და ჯორჯიაში, ეროვნული მასშტაბით კენჭისყრაში კი, ტრამპის მიღებულ ხმათა რაოდენობას, 7 მილიონით გადააჭარბა. მოსახლეობის ხმების 51,3 პროცენტი ბაიდენმა მიიღო, ტრამპის მიერ მიღებულმა ხმებმა კი 46,8% შეადგინა.
ასაკის ფაქტორი მიმომხილველების მოლოდინით, რესპუბლიკელები ყურადღებით მიადევნებენ თვალს ბაიდენის კამპანიის შემცირებული გრაფიკის ნიშნებს. მისი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ასაკი ბაიდენს კამპანიის რთული ბილიკისთვის და თეთრი სახლისთვის, ნაკლებად შესაფერისს ხდის.
„შოკისმომგვრელია, როცა ბაიდენი ფიქრობს, რომ მეორე ვადის დასრულებას შეძლებს. რომ აღარაფერი ვთქვათ მიმდინარე ვადის დასრულებაზეც კი“ – ამბობს რესპუბლიკელი სტრატეგი, სკოტ რიდი.
დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრი სახლის მეორე ვადით დასაკავებლად, ჯერ პარტიული ნომინაციის, შემდეგ კი არჩევნების მოგებას გეგმავს, 76 წლისაა.
„აბა მიყურეთ“ – ასე უპასუხა ბაიდენმა მის ასაკთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. თეთრი სახლი კი, პრეზიდენტის ეფექტურობის ნიშნად, მის საკანონმდებლო მიღწევებზე მიუთითებს.
„კანდიდატის შესაძლებლობების უნარის საზომი, მოგზაურობის ვრცელი განრიგი არ არის“ – ამბობს დემოკრატი სტრატეგი, კარენ ფინი. მისი თქმით, „არ არსებობს სცენარი, როცა რესპუბლიკელები არ ცდილობენ, ბაიდენის ასაკი პრობლემად წარმოაჩინონ. ჩვენ ეს ვიცით. ამიტომ, აქცენტი უნდა იყოს იმაზე… რა არის ყველაზე ეფექტური გზა, ამერიკელ ხალხთან მისასვლელად. ეს მოიაზრებს მოგზაურობას და საჯარო შეხვედრებს, ღონისძიებებს. მაგრამ, ასევე შეიძლება იყოს სხვა ინოვაციებიც.“
კამპანია 2020 – 2024
ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებმა, 2020 წელს, კოვიდ-19-ის გავრცელების ფონზე, პანდემიურ რეალობას მოარგეს.
ზოგიერთი ინოვაცია წარმატებულად შეფასდა, მათ შორის ვირტუალურად, მოგზაურობის გარეშე გამართული ფანდრაიზინგი.
მაგრამ, სხვა ინოვაციური მიდგომების წარმატებულობა, სადაო იყო. მათ შორის, მოხალისეების მიერ, კარდაკარის პრინციპით ჩატარებული კამპანიის ერთთვიანი აკრძალვა. ასევე, საკუთარი სახლის სარდაფიდან მიმართვები, რომელიც მემარჯვენე ამომრჩევლების მხრიდან, გაშარჟების საბაბადაც კი იქცა.
მეგ ბოსტორმი, სტრატეგიული კომუნიკაციების ფირმის, „ტოპოს პარტნერშიპის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მომავალი კამპანია, რომელიც ბაიდენისგან მეტ საჯარო აქტივობას მოითხოვს, მისთვის შესაძლოა სარგებლის მომტანიც კი იყოს.
„თუ გავიხსენებთ კონგრესში მის ერისადმი მიმართვას, ეს საუკეთესო იყო, რაც აქამდე მინახავს, როცა რესპუბლიკელები მას დაუპირისპირდნენ, ის კიდევ უფრო მეტად აენთო“ – ამბობს ბოსტორმი. თებერვალში, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელ ოპონენტებს ბაიდენი წარმატებით ეპაექრებოდა.
თუმცა, არის სხვა საკითხები, რამაც შესაძლოა მოქმედ პრეზიდენტს, კამპანიის განმავლობაში სირთულეები შეუქმნას, მათ შორის, ეკონომიკის მართვა.
„2020 წელს, ბაიდენისთვის ხმის მიცემა, ერთგვარად უცნაურ ცნებას, ნორმალურობასთან ერის დაბრუნებას უკავშირდებოდა“ – ამბობს რესპუბლიკელი სტრატეგი, ფორდ ოკონელი. ამით ის ტრამპის მმართველობის დროს შექმნილ გარკვეულ ქაოსს გულისხმობდა.
„ბაიდენის პრობლემა ის არის, რომ ის ახლა ხელისუფლებაშია და ახლა ვითარება ყველანაირია, გარდა ნორმალურისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეკონომიკასა და ინფლაციას ეხება“ – ამბობს ოკონელი.
შეშფოთებები რეცესიასთან დაკავშირებით
ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი 2021 წლის იანვარში დაიკავა. ზუსტად მაშინ, როცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა და ეკონომიკური პირობები თანდათან ნორმალურ ჩარჩოებს დაუბრუნდა. შეერთებული შტატები, ახლა 3.2 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნით ამაყობს.
მაგრამ, ამერიკელებს პოტენციური რეცესია აშფოთებთ. ექსპერტების პროგნოზით, რეცესიის შემთხვევაში, უმუშევრობა სავარაუდოდ მოიმატებს, საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია კი მაღალი დარჩება. ამან, 2024 წლისთვის, ბაიდენის კამპანია შესაძლოა რთულ ვითარებაში ჩააგდოს.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ დონალდ ტრამპი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა, 2016-20 წლების გამოცდილებას გამოიყენებს და საკუთარი საამომრჩევლო ბაზის გააქტიურებას ხალხმრავალი საჯარო შეკრებებით შეეცდება. თუმცა, მანამდე მან პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, პარტიის ნომინაცია უნდა მოიპოვოს. პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლა, როგორც მოქმედ პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარ პარტიაში დიდი ოპოზიცია არ ჰყავს, ბაიდენს არ მოუწევს.
„ჩვენ არ გვჭირდება ცეცხლი, ჩვენ არ გვჭირდება ხალხმრავალი შეკრებები. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ღირებულებების სიმტკიცე, მათში დარწმუნება და სტაბილურობა იმისთვის, რომ მათი ერთგულნი დავრჩეთ“ – ამბობს დემოკრატი სტრატეგი, ჯო ლესტინგი. მისი თქმით, ბაიდენი ამ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
წყარო