როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა – Financial Times

1
spot_img

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას გამოჩნდა, რომ აშშ-სა და ალიანსის უმრავლეს წევრებს დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ აბსოლუტურად ყველაფერში“, – წერს ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი გიდეონ რეჩმენი ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „როგორ შეუძლია უკრაინას დასავლური ალიანსის დაშლა“. ავტორის აზრით, ბლოკები იქმნებიან და იშლებიან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამიტომ ნატოს დაშლაც შეუძლებელი არ არის.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის მიმართ შიშმა დასავლური ალიანსი, ერთი მხრივ, შეამჭიდროვა, მაგრამ მეორე მხრივ, იმავე რუსეთისადმი შიში ნატოს დაშლით ემუქრება.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წელს შეიქმნა აშშ-ს, კანადისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ მოსკოვის შესაკავებლად. მაგრამ თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება უკრაინას დამარცხების აღიარება აიძულოს რუსეთთან ომში, მაშინ ამერიკაზე და ევროპაზე იტყვიან, რომ მათ მოსკოვი დააჯილდოვეს. ნატოს რიგებში რუსეთის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და თუ ალიანსელები ვერ მოილაპარაკებენ იმაზე, როგორი მუქარების წინაშე დგანან და როგორ უნდა ებრძოლონ კრემლის განზრახვებს, მაშინ მთელი სამხედრო ბლოკის არსებობა საფრთხეში აღმოჩნდება.

ატალანტიკური ალიანსი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით გაუმკლავდა ბევრ ღრმა უთანხმოებას თავის წევრებს შორის – სუეცის კრიზისიდან (1956 წ.) დაწყებული, ვიეტნამისა და ერაყის ომებით დამთავრებული – იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა კონსენსუსი მთავარ საკითხში: საბოლოოდ, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მაინც ერთ მხარეს დგანან.

აშშ-სა და ევროპას შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და ფასეულობებს. მთელი ცივი ომის განმავლობაში საერთო ინტერესი გამოხატული იყო საბჭოთა კავშირის შეკავებაში, საერთო ფასეულობა კი – დემოკრატიის დაცვაში. ცივი ომის დასრულების შემდეგაც კი ტერორიზმთან ომი და ევროპის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი მფარველობა ნატოს წევრების საერთო მიზნებში შედიოდა.

მაგრამ ახლა საერთო ინტერესები და ფასეულობები ძალას კარგავენ. უკრაინაში საომარი მოქმედებების კატასტროფული დასრულება ნატოს წევრთა ტრადიციულ დარაზმულობას საბოლოოდ ძირს გამოუთხრის და დაანგრევს.

გასულ კვირას აშშ-მა და ევროპამ უკრაინის შესახებ სხვადასხვა სამშვიდობო გეგმები წამოაყენა, ამასთან, ევროპელები ნეგატიურად არიან განწყობილნი დონალდ ტრამპის გეგმის საკვანძო ელემენტების მიმართ, უპირველესად კი – ყირიმის ნახევარკუნძულის იურიდიულად მიერთებას რუსეთისადმი.

დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მართლაც მეგობრული საუბარი ჰქონდა. შედეგი თითქოსდა ნიშანდობლივია – აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა, რაც დონალდ ტრამპისათვის იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ რადგანაც პარალელურად ამერიკას უკან არ გაუწვევია თავისი სამშვიდობო გეგმის არცერთი ელემენტი, რომლებსაც უკრაინელები და ევროპელები სრულიად მიუღებლად თვლიან, კრემლის მიმართ ტრამპის კრიტიკა შეიძლება უვნებლად ჩაითვალოს. 

ამერიკისა და ევროპის შეხედულებათა უთანხმოებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ახალი ომის საფრთხის წყაროების თაობაზე სხვადასხვა საფუძველი აქვს. ევროპელები თვლიან, რომ რუსეთის წაქეზებით უკრაინაში დანარჩენ ევროპაზე თავდასხმის რისკი იზრდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწყებული.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომს სხვაგვარად უყურებს. თეთრი სახლი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში, თუ ომი არ შეწყდება, საბოლოო ჯამში ამერიკა მასში ჩათრეული აღმოჩნდება, ანუ რუსეთთან პირდაპირი შეჯახება მოხდება. თვითონ დონალდ ტრამპსაც არაერთხელ უთქვამს, რომ არსებობს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე. კაცმა რომ თქვას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც შეშფოთებული იყო რუსეთთან დაძაბულობის ზრდით, თუმცა დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, დემოკრატები იზიარებდნენ ევროპელთა უნდობლობას ვლადიმერ პუტინის მიმართ და ამიტომ მხარს უჭერდნენ ანტირუსული ზომების მიღებას.

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ამჟამინდელი წარმოდგენების განსხვავება უკრაინის საკითხის ჩარჩოებს სცილდება. აშშ-ის მოკავშირეები აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპი ნატოს ორ წევრს ემუქრება – დანიას, რომელსაც გრენლანდიის წართმევას უპირებს და კანადას, რომელსაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევას უპირებს. მართალია, ვაშინგტონი ოტავას სამხედრო მოქმედებების დაწყებით არ აშინებს, მაგრამ ტრამპი აშკარად ცდილობს თავისი ჩრდილოელი მეზობლის სუვერენიტეტის  ხელყოფას.

და თუ ამ ყველაფერს დავამატებთ დონალდ ტრამპის ავტორიტარული ინსტინქტებს, მის მუქარებს ნატოელი მოკავშირეებისადმი და მის აშკარა სიმპათიებს ვლადიმერ პუტინის მიმართ, მაშინ რთული იქნება იმის მტკიცება, რომ ნატო ისევ საერთო ინტერესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებულ ალიანსს წარმოადგენს.

მართლაცდა, ფასეულობებს შორის კონფლიქტი ყველასათვის ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ჯერ ისევ აცხადებენ, დემოკრატიას ერთად ვიცავთო, იმავდროულად თვლიან (ან მიანიშნებენ), რომ ატლანტიკის სხვა ნაპირზე არსებულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება (ანუ ევროპელები გულისხმობენ ამერიკას, ამერიკელები კი ევროპას).

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა თავისი ცნობილი გამოსვლის დროს მიუნჰენის უსართხოების კონფერენციაზე ევროპელები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და საკუთარი ხალხისადმი შიშში დაადანაშაულა. ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებებს ევროპის ქვეყნების უმეტესობა მდუმარე და ცივი გაბრაზებით შეხვდა. ევროპელები, თავის მხრივ, ყურადღებით „არეგისტრირებენ“ დონალდ ტრამპის ნეგატიურ პოზიციებს და კრიტიკულ თავდასხმებს აშშ-ის სასამართლო სისტემაზე, მასმედიაზე და უნივერსიტეტების ავტონომიურ უფლებებზე. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი ევროპელი მოკავშირეები ამჟამად დასავლური ფასეულობების ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო კონცეფციებს ქადაგებენ: ტრამპ-ვენსის კონცეფცია წარმოადგენს ეთნონაციონალისტურს, კონსერვატიულს კულტურის მხრივ და ანტილიბერალურს. ევროპული კონცეფცია კი ინტერნაციონალურია, ემყარება კანონის უზენაესობის პრინციპს და ლიბერალურ ინსტიტუტებს.

განხეთქილება ღრმავდება იმდენად, რამდენადაც ორივე მხარე თვლის, რომ მიმდინარეობს უსერიოზულესი ბრძოლა პოლიტიკური გადარჩენისათვის და მზერას აპყრობენ ატლანტიკის ორივე ნაპირზე მყოფ თანამოაზრეებს: ტრამპის ადმინისტრაციას სურს ითანამშრომლოს ევროპელ ნაციონალ-პოპულისტებთან – ანუ ისეთებთან, როგორებიცაა უნგრელი ვიქტორ ორბანი, სლოვაკი რობერტ ფიცო და ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი. წამყვანი ევროპული ქვეყნები თავის დროზე იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი გახდებოდა, ახლა კი ისინი სასოწარკვეთილები არიან და შუალედურ არჩევნებამდე დღეებს ითვლიან – იმედი აქვთ, რომ კონგრესში დემოკრატების რიცხვი გაიზრდება.

ტრანსატლანტიკური ალიანსი ადრე აშშ-ის ორივე პარტიის ვალდებულებებით იყო განმტკიცებული და ნატო იოლად იტანდა აშშ-ში მთავრობების ცვლას. ახლა კი ნატოს აქტიური მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ატალანტიკის ორივე მხარეზე ხელისუფლებაში ან მხოლოდ ლიბერალები იქნებიან, ან მხოლოდ ანტილიბერალები.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეჭვების საფუძველი მაინც რჩება. გარდა საერთო ინტერესებისა და ფასეულობებისა, დასავლური ალიანსი წევრთა ურთიერთნდობაზეც არის დამოკიდებული. ყველა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ნდობა შენარჩუნდება იმის მოიხედავად, თუ რა მოხდება სამომავლო არჩევნებზე და ვინ იქნება ხელისუფლებაში. მაგრამ ევროპელები და კანადელები ახლა უკვე აცნობიერებენ იმას, რომ ამერიკელებს ტრამპი და ტრამპისნაირების არჩევა ორჯერ სეუზლიათ. მათ უკვე არარ არიან განწყობილნი ისე, რომ აშშ-ის ერთგულება თავისთავადად, მუდმივ მოვლენად ჩათვალონ.

წყარო