
როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში? – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობის აკრძალვას.
მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?“
შეგახსენებთ, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი – ათი.
ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან შეკრიბნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ჯორჯესკუს მხარდამჭერები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.