როგორ შეიძლება მმართველი პარტიის წევრმა, უმრავლესობის სიით არჩეულმა პარტიულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველგან და ყოველთვის პარტიულ მიკერძოებას ავლენს, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩაანაცვლოს?! – თუ ვთანხმდებით, რომ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინების მცდელობაა, არის თუ არა ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მორიგი საბოტაჟირება “რუსული ოცნების“ მხრიდან? – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ბოკუჩავამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს მიმართა, უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, აპირებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
“ხომ არ არის ეს მორიგი სადამსჯელო ღონისძიება პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც ხელისუფლება საგარეო კურსის ცვლილებაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და ნაბიჯებში ღიად ამხილა. არის თუ არა ეს ინსტიტუციების დაკნინების მცდელობა და ცესკოს თავმჯდომარედ პოლიტიკური მორჩილებით ნიშნით ადამიანის შერჩევა, რათა როგორც სხვა ინსტიტუციებში, ცესკოშიც მმართველმა პარტიამ ტოტალური პოლიტიკური მორჩილება უზრუნველყოს. არის თუ არა ეს ღიად ევრორეკომენდაციების დარღვევა, რომელიც საქართველოსგან ინსტიტუციების გაძლიერებას მოითხოვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტის როლი იზღუდება და მიღებული კანონპროექტი უკანგადადგმული ნაბიჯია წინა წლებში მიღწეულ პროგრესთან მიმართებით.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს კანონმდებლობის შემდეგი ვერსიით მიღებას სთავაზობს: – ერთის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.