,,როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და არ იცოდეს მმართველმა პარტიამ”-ჰერმან საბო

324
spot_img

„ქართულ ოცნებას“ ძალიან კი უნდა, რომ „ქოლცენტრების“ საქმე მთლიანად კეზერაშვილს შეეწეროს, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელი მგონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინფორმაცია სუს-ს არ ჰქონოდა.

„წარმოუდგენელია, საქართველოში 21-ე საუკუნეში, ათობით ათასი ადამიანი მუშაობდეს ქოლცენტრებში, მილიარდამდე დოლარის ბრუნვა იყოს და ეს ყველაფერი კეთდებოდეს სუს-ის ყურადღების მიღმა, სუს-ის ნებართვის მიღმა. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წარმომადგენლებს ვურჩევ, დროზე დაიწყონ საუბარი, რა ხდება სინამდვილეში. ამით ისინი საკუთარ თავს მაინც გადაირჩენენ, რადგან როდესაც ეს მართლა გაირკვევა, ვინ როგორ იყო ჩართული, მერე უკვე გვიანი იქნება იმის თქმა, მე არ ვიცოდიო. როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და ეს არ იცოდეს მმართველმა პარტიამ, შეუძლებელია“, – განაცხადა საბომ.