როდესაც ვხედავთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია – პაპუაშვილი

20
spot_img

როდესაც ვხედავთ მკაცრ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში და ვუყურებთ რეაქციას ამ ორ კანონთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი უცხოელების მხრიდან უსამართლობით გაოგნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული.

„კვლავ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს – ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის და ზოგს თავისი თავი ჰგონია იუპიტერი, ჩვენ ვგონივართ ხარი. ეს სამწუხარო დამოკიდებულებაა. ქართველი ხალხი ისტორიულად შეჩვეული ვართ, რომ ასე ზემოდან გვიყურებდნენ-ხოლმე. ბოლოს მე-20 საუკუნეში იყო, როდესაც ასე ზემოდან გვიყურებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენ ჩვენი სათქმელი გვეთქვა. სინამდვილეში, საფრანგეთის კანონი უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული. მაგალითად, საფრანგეთში რომ არსებობდეს მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მას მოუწევდა ფინანსური დეკლარაციების გასაჯაროება. ციხეში ჩასვამდნენ იმას, ვინც ამას არ აკეთებს. მოძრაობა „სირცხვილია“ თვალთვალის ქვეშ იქნებოდა, მათ შორის, მათი კომპიუტერული თუ სხვა კომუნიკაცია იქნებოდა თვალთვალის ქვეშ. ეს იქნებოდა „სირცხვილიას“ ბედი საფრანგეთში, რომ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისგან დაფინანსებული. მაშინ, როდესაც „სირცხვილიას“, რომელიც საქართველოში ფინანსდება ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება – შეავსოს დეკლარაცია და გაასაჯაროოს. მორჩა, სხვა არანაირი ვალდებულება მას არ აქვს. ერთადერთი რეაგირება, თუკი დაარღვევს ამ წესს, არის ჯარიმა და მეტი არაფერი.

ამდენად, როდესაც ვხედავთ მკაცრი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი კანონის მიღებას საფრანგეთში და ამაზე გაცილებით რბილ კანონს საქართველოში და ვუყურებთ რეაქციას ამ ორ კანონთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გაოგნებულია უცხოელების მხრიდან უსამართლობით, როდესაც ორმაგი სტანდარტით ხდება შეფასება, იმისდა მიხედვით, თუ რა ზომისაა ქვეყანა.

რადგანაც პატარა ქვეყანა ვართ, სხვანაირი შეფასებებია. სხვა რომ დიდი ქვეყანაა, იქ სხვანაირი შეფასებაა. ქართველი ხალხი ამას ისტორიულად შეჩვეულია, რომ ასეთებს ცდილობდნენ-ხოლმე სხვა ერები, მაგრამ არავის ბოლომდე არ გასვლია და არ მგონია, ეს სერიოზული მიდგომა იყოს ამ მომენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.