როდესაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს იძიებს ტერორისტული აქტის მომზადებასა და მის განხორციელების მცდელობასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ყველა იმ ძალის მიმართ, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის აქტიური გამხმოვანებელი და ამ პოლიტიკის მხარდამჭერია, მათ წინააღმდეგ ხდება ღიად, საჯაროდ გალაშქრება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცალსახა, უპირობო, უპრეცედენტო, ღია, საჯარო თავდასხმებს იმ ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ გამოდიან მშვიდობის მხარდასაჭერად, რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ის საომარი მოქმედებები, რომელსაც გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მართლაც ძალიან შემაშფოთებელია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, აქ არავინ საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის სუვერენიტეტი როგორღაც უნდა შეილახოს და ასე შემდეგ. მთავარი თემაა, რომ მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები იყოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
აღნიშნულის დასაბუთების მიზნით, მან გაიხსენა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტზე თავდასხმის ფაქტი, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჯაროდ განხორციელებული ტერაქტი.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერებული მუქარა სწორედ ამ კონტექსტში. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს იძიებს ტერორისტული აქტის მომზადებასა და მის განხორციელების მცდელობასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ყველა იმ ძალის მიმართ, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის აქტიური გამხმოვანებელი და ამ პოლიტიკის მხარდამჭერია, მათ წინააღმდეგ ხდება ღია, საჯაროდ გალაშქრება. ამ ძალებს ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით. ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ძალები რეალურად არსებობენ, რომელთათვისაც ომის კონტექსტი არის მნიშვნელოვანი, რათა თავისი გავლენები გააძლიერონ, გაზარდონ და გააფართოონ. ისინი ვერ ურიგდებიან იმ ადამიანებს, იმ ხელისუფლებებს, მაღალი რანგის იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.