
როდესაც შენ მუქარის დონეზე აუქმებ პარტნიორობას, რას ემსახურება ეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? შენ თუ გვეუბნები, რომ ჩვენი პარტნიორი ხარ, ვის პირისპირ გვტოვებ მარტო, ვის ეხმარები ამით? რუსეთს ხომ არა?!, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა, აშშ-ს მიერ საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო გამოირჩეოდა აშშ-ს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერით, მათ შორის ავღანეთის და ერაყის მისებში, არ შეიძლება ამ ქვეყანასთან ასე ხელაღებით შეწყვიტო სტრატეგიული პარტნიორობა.
„გავიხსენოთ სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა, გნებავთ თავდაცვის სფეროში, ჩვენ ვართ ის ქვეყანა ვინც ყველაზე დიდი მეგობრობა გამოვიჩინეთ თუნდაც თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებთან მიმართებაში იგივე ერაყში, იგივე ავღანეთში. უამრავი დაჭრილი, უამრავი დახოცილი და ა.შ. უფრო ძლიერი პარტნიორი ვისაც ჰქვია, მათ შორის ნატო-ს წევრები შეიძლება ითქვას მიზერულად მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში. ჩვენ რასაც იქ ვაკეთებდით, ეს იყო ერთგვარი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება მაგრამ მთავარი იყო აქ მხარდაჭერა შეერთებული შტატებისთვის. მე, პირადად არაერთხელ მომისმენია, ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერლებისგან თუ როგორ ამაყობენ ისინი ქართველი სამხედროების მონაწილეობით, მათი მომზადების დონით და ა.შ. როდესაც შენ ამ ქვეყანასთან მუქარის დონეზე აუქმებ პარტნიორობას, სწავლებას არ ჩავატარებ და ა.შ. რას ემსახურება ეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს? შენ თუ გვეუბნები, რომ ჩვენი პარტნიორი ხარ, ვის პირისპირ გვტოვებ მარტო, როცა აუქმებ ამ პარტნიორობას და ვის ეხმარები ამით? რუსეთს ხომ არა?!
შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც გააჩნია მულტი საშუალებები ინფორმაციის მიღების, ყველანაირი – ღია წყაროებით, დახურული წყაროებით, აგენტურით და ა.შ. წესით თავიდან ბოლომდე უნდა ფლობდეს იმ სურათს, რაც არის საქართველოში და იმ სურათიდან გამომდინარე რეალობის აღქმა უნდა გქონდეს და გაანალიზებისა თუ როგორ იქნება ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ყველა ნორმალური პარტნიორი იფიქრებდა იმაზე, როგორ გააუმჯობესოს ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და როგორ გააკეთოს ისე, რომ ამ ხელისუფლებასთან საერთო მიზნები, საერთო ინტერესები გამოიყოს. მითუმეტეს, ჩვენ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციები გვიჭირავს იგივე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და აღმოსავლეთი, როგორც ჩანს ამის გამოყენებას საკმაოდ რაციონალურად აკეთებს. თუ დასავლეთი ამაზე არ ფიქრობს, ეს მათთვის უფრო ცუდია ვიდრე ჩვენთვის“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.