,,როდესაც მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, მხარეები ახდენენ ხოლმე ძალის დემონსტრირებას, მით უმეტეს, როცა ინიციატორი დასავლური მხარეა”- დიმიტრი ხუნდაძე

8
spot_img

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე არსებულ ვითარებასა და მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას აფასებს.

დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე პროცესები საინტერესოდ ვითარდება და სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის კომუნიკაციას იხსენებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის პრეზიდენტთან ზურგიდან მივიდა და კომუნიკაცია 3 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც სიღრმისეულ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს ვერ განიხილავდნენ, მეორეს მხრივ კი, მაკრონის ინიციატივით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, რომელიც 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ კონტაქტი შედგა და გააქტიურდა.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ელისეის სასახლის განცხადება ერთგვარი ძალაუფლების დემონსტრირებაა, რომელიც პოლიტიკას ახასიათებს. დეპუტატის თქმით, ძალის დემონსტრირება მოსალოდნელია, მითუმეტეს, როდესაც თავად დასავლეთია პარტნიორობის ინიციატორი. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ძალაუფლების დემონსტრირებად ითვლება ქუჩაში მიმდინარე პროცესების გააქტიურებაც, რაც 14 დეკემბერსაც მოსალოდნელია.

“საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზეც საინტერესოდ ვითარდება პროცესები. ვნახეთ როგორ შეაჩეჩეს საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს. ზურაბიშვილს ტრამპთან ზურგიდან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა. ეს კონტაქტი დასრულდა ხელის ჩამორთმევით და შემდგომ, 3 წუთიანი საუბრით. ეს იყო დადგმული სცენა, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო მცდელობა. მეორეს მხრივ, მაკრონი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკური პროცესების წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტია, მართალია მისი პოლიტიკური სიმყარე ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურება, მაგრამ მაინც მისი პოზიციონირება მნიშვნელოვანია, საკუთარი სურვილით შეეცადა დამკონტაქტებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და ეს საუბარი გაგრძელდა ერთი საათი. ანუ, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში იყო ზურგიდან მისვლა და 3 წუთიანი საუბარი, ალბათ ეჭვი არ შეგეპარებათ არც თქვენ და არც მსმენელს, რომ 3 წუთში მნიშვნელოვან და სიღრმისეულ საკითხებს ვერ განიხილავდნენ და ეს არ იყო პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა. მეორე შემთხვევაში კი იყო საპირისპირო – საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა იყო ბიძინა ივანიშვილთან გასაუბრება და საუბარი გაგრძელდა 1 საათი. ეს, რა თქმა უნდა, მოწმობს იმაზე, რომ კონტაქტები შედგა, თუმცა ოპოზიცია უკმაყოფილოა, როგორც ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციითა და ხელის ჩამორთმევით, ასევე მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრით.

ფაქტია, რომ ჩვენ ვართ იმ პროცესის მონაწილეები, როდესაც პოლიტიკურმა თამასამ აიწია და ასეთი დისტანცირებული, თითქოს ზურგით დგომა შეიცვალა იმით, რომ კონტაქტი უკვე შემდგარია და გააქტიურებულია. მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, მხარეები ახდენენ ხოლმე ძალის დემონსტრირებას. ეს არ არის უცხო პოლიტიკაში ასე, რომ ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, 20 იანვრამდე, ჩვენთვის უკვე საიმედო თარიღამდე, შეეცდებიან რამენაირად ამ დესტრუქციული ქმედებების რეანიმაცია მოახდინონ. მითუმეტეს როდესაც ინიციატორი იყო დასავლური მხარე, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში ძალის დემონსტრირებას პერიოდულად ადგილი ექნება. მაგალითად, შეეცდებიან ქუჩის ფორმირებას 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნების დროს, ასევე შეეცდებიან 29 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება,”-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.