კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაუწყებლების მხრიდან, პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ისე აღნიშნული სუბიექტისთვის, რაც მას წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებს.
„თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მაუწყებლისგან მოთხოვნილი და კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე იღებს უარს, ეს მნიშვნელოვან უფლებას ართმევს და აფერხებს აღნიშნულ სუბიექტს და წინასაარჩევნოდ არათანაბარ გარემოში აყენებს სხვებთან მიმართებაში. როდესაც მედია პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს საშუალებას განათავსოს კუთვნილი უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, იქმნება ძალიან საშიში პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა უბიძგოს სხვა მედიებს გაიმეორონ აღნიშნული და დაარღვიონ კანონი, რაც გამოიწვევს საარჩევნო გარემოს დაზიანებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის, როგორც მარეგულირებლისა და ამ პროცესის მონიტორის გადაწყვეტილება იქნება მიმართული იმისკენ, რომ ეფექტიანად აღსრულდეს კანონი და ყველა პოლიტიკური სუბიექტის უფლება უფასო პოლიტიკური რეკლამის ჭრილში, სამართლიანად და კანონიერად იყოს რეალიზებული“. – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს თავიანთი დეფიციტური, ღირებული და მონეტიზებადი დრო პოლიტიკურ პარტიებს უფასოდ დაუთმონ, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის ინფორმირებასა თუ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე: „მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში არ არის უფასო პოლიტიკური რეკლამა დაშვებული და თავდაპირველად, საქართველოშიც არსებობდა გარკვეული წინააღმდეგობები ამ საკითხზე, თუ რატომ უნდა დაეთმო მაუწყებელს დრო უფასოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომლითაც შეეძლოთ მიეღოთ გარკვეული სარგებელი. თუმცა, საქართველოში კანონმდებელმა მიიჩნია, რომ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკურ რეკლამას აქვს უდიდესი ღირებულება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოსახლეობის ინფორმირებისა თუ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის, შესაბამისად, აუცილებელია არსებობდეს ეს პრაქტიკა და საჭიროა ყურადღება ეთმობოდეს მის სწორად, არადისკრიმინაციულად განთავსებას.” – აღნიშნა კახა ბექაურმა.