როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს – შალვა პაპუაშვილი

2
spot_img

როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში.

პაპუაშვილი ამ განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა.

„როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, როდესაც ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება. შეიძლება ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმას, ეს აჩვენებს, რომ ის ამით ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას.

მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში, ძალადობის წამახალისებლად როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალისებს ძალადობას და სიძულვილს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა კრემლის ბენეფიციარმა ელენე ხოშტარიამ. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა, „ქრონიკის“ კორესპოდენტმა კი მას შეახსენა, რომ რუსეთიდან თავად ფინანსდება.