ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, ის მტკიცედ უპასუხებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა, ამიტომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან ძლიერი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ასევე ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ტარიფების დაწესება ზრდის ბიზნესის ხარჯებს და ზიანს აყენებს როგორც ბიზნესის მუშაკებს, ასევე მომხმარებლებს.
„შაბათ-კვირას ჩვენ მოწმე გავხდით, როგორი მკაცრი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკაზე, ეს ტარიფები ზრდის ბიზნესის ხარჯებს, ზიანს აყენებს მუშაკებსა და მომხმარებლებს, ქმნის არასაჭირო ეკონომიკურ რღვევას და იწვევს ინფლაციას. ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს რაიმეს კარგს იწვევდეს, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ადრეულ ჩართულობას. ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცე რჩება თავის მრავალმხრივ ვალდებულებებში, ჩვენი განვითარების ხელშეწყობიდან კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მიზნებამდე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.