
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვან”ტ სხიპმა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. მან აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც “აიაქსში” ერთად მუშაობა მოუწიათ, მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა და მისთვის ადგილს არა შეტევაში, არამედ ნახევარდაცვაში ეძებდნენ.
“იმ 4 კვირის მანძილზე, როდესაც “აიაქსს” ვწვრთნიდი, ჟორჟი არ იყო საუკეთესო ფორმაში. ჩვენ გვყავდა ორი სხვა შემტევი – ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი. ისინი გოლებს იტანდნენ, ჟორჟისთვის კი ადგილს ნახევარდაცვაში ვეძებდით, ფორვარდების უკან. სამწუხაროდ, მასთან დიდი ხნით არ მიმუშავია, თუმცა აშკარაა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.
რეალურად, მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია – ის ყოველთვის შესანიშნავად ვარჯიშობდა. ვფიქრობ, ჟორჟის საფრანგეთში დაბრუნება მისთვისაც და “აიაქსისთვისაც” საუკეთესო გამოსავალი იყო,” – განაცხადა ჯონ ვან”ტ სხიპმა.