რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ეს – ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა სააკაშვილი, რა ქნა და ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? თუ დაბრუნდება, საჩუქარი იქნება ჩვენთვის, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნების თაობაზე.
მისივე თქმით, სააკაშვილი რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რასაც თავისი პროცედურები აქვს და “კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს – გამოცდები და მთელი ამბავია”.
“ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს სააკაშვილი, საჭიროა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ამიტომ ჯერ უნდა თქვას, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, რომელზეც უარი ვთქვიო. ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ჯერ უნდა მოითხოვოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ახლა ეს არის წმინდა წყლის მდარე “ფეიკ პიარი”, სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაკარგვია? დამნაშავეა სისხლის სამართლის და “ქართულ ოცნებას” მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება, თუ დაბრუნდება, საჩუქარი იქნება, რადგან რამდენჯერაც დაინახავს ქართველი ადამიანი სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება, როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი,”- განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.
“საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,” – აღნიშნავს სააკაშვილი.