რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია. ამიტომაც ცდილობენ წლებია, უშედეგოდ, ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“.
„ოპოზიციური პარტიები ამ სატყუარას თუ წამოეგებიან, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გარეთ დარჩებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.