რთული რელიეფის, ფერდობებისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე 4-კილომეტრიანი მონაკვეთის ორი ზოლის მშენებლობა დასრულდა. გზის ამ მონაკვეთზე, მეწყერსაწინააღმდეგო გამაგრებითი სამუშაოები შესრულდა. ახალი გზა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მანძილს კიდევ უფრო შეამცირებს.
ორ ახალ ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების მოძრაობა. პარალელურად, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია და ახალი მაგისტრალის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ორზოლიანი ჩქაროსნული გზისა და ხუთი ახალი ხიდის მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები და გზის ახალი მონაკვეთი დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და რიკოთის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სოფელ შროშასთან დასრულდა ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი ახალი სავაჭრო სივრცეების მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დამატებითი სავაჭრო სივრცეების მოწყობა სურამსა და ზესტაფონშიც, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალებას მისცემს.
რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა.
ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია 3 მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში, შენდება 52 კმ-იანი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.