,,რეჟიმმა საქართველოს დამატებით ცხინვალის რეგიონში 111 სოფელი დაუკარგა”- თეა წულუკიანი

14
spot_img

“ახსნა-განმარტების მომცემმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ საკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს საომარი მოქმედებები აიცილა, ანუ აიცილა აგვისტოს ომი. ეს დადასტურდა სხვადასხვა პირების ოფიციალური განმარტების შედეგად”, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიი თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დამატებით დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში.

„ასევე, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ 400-მდე სოფელი იქნა ოკუპირებული 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში და აგვისტოს ომის შედეგად დამატებით სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოს დაუკარგა 111 სოფელი ცხინვალის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ოკუპაცია დროებითია და სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები არ გახლავთ. დღევანდელი სხდომის შედეგად შეიძლება, ჩაითვალოს ისიც, რომ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, რომლებიც იმ დროს ამ პოზიციებს იკავებდნენ, დაადასტურეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა იცოდა რა წინასწარ, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა, არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის. არ შეუტყობინებია დაუცველი, შეუიარაღებელი პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე. რეალურად, მოსახლეობა ჩატოვეს და არაერთი მათგანი გადარჩა სხვადასხვა პიროვნული ინიციატივების წყალობით, მათ ურეკავდნენ ნათესავები, ინფორმირებული პირები, ეუბნებოდნენ თავს უშველე, გაიქეცი და ვინც იქ ჩარჩა ან რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპნენ ან დახვრიტეს. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს, შესაძლოა, ყოფილიყო განზრახ გაკეთებულიც, რათა შემდეგ სააკაშვილს სალაპარაკოდ ჰქონოდა, რომ დაუხოცეს საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობა, რაც ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ყოველივე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ სხდომაზე გამოკითხვაზე არიან დაბარებულები ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები: ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და ასევე, შალვა ჯანაშვილი.

„ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ, ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირს და სახელმწიფო ინტერესს. ამ შეცდომის გამოსწორება მოუწია „ქართულ ოცნებას“ ჰააგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, ასევე დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობისთვის ქმედითი შველის და მზრუნველობის აღმოჩენის მიმართულებით. დღევანდელი სხდომიდან გამოიკვეთა, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, რომელსაც ზოგიერთმა გამომსვლელმა „პოლიტიკური ელიტა“ უწოდა. ჩაიკეტებოდნენ ბიჭები სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც კი სათანადოდ და ეფექტურად არ აყენებდნენ საქმის კურსში.

ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს არ გამოცხადდა, ხომ არ მოქმედებდნენ ვიღაცის ან რაღაცის ზეწოლის ქვეშ. ეს, შესაძლოა, ყოფილიყო ერთი სახელმწიფო, ორი სახელმწიფო, შესაძლოა, ყოფილიყო არა ერთი სახელწმიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი ან რაღაც ჯგუფები“, – განაცხადა წულუკიანმა.