,,რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ”- გიორგი გახარია

9
spot_img

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ერთი შეხედვით, “ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი – თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად”.

“რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე – მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი – პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო.

ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში „ოცნება“ ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი – სახელმწიფოს ღალატის შედეგია.

უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში”, – წერს გახარია “ფეისბუქზე”.