
„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაჭავარიანი წერს, რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„ყველას შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა სწორედ ჩვენ გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. რატომღაც, არ მახსენდება ლაზარეს გამგმირებლების პროტესტი ამ ღალატთან დაკავშირებით.
ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და სეპარატისტებს დაეკისრათ.
ამ ყველაფერს ახლა დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს და, შესაბამისად, შეშინებული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა ბინძური სპეკულაციით ცდილობენ ამ პროცესის თითქოსდა გადაფარვას. პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ. უკვე გამომჟღავნდა ის, რომ რეჟიმმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადადგა და გაწირა კოდორისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სასიკვდილოდ.
კიდევ ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!“ – წერს მაჭავარიანი.