რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

32
spot_img

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას მართავს. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ჩვენთან მიდიოდა შეხვედრები, სადაც გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე, საექსპერტო დასკვნების გარეშე. ჩვენი ვარიანტების წარმოდგენის მოთხოვნა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დროის გაყვანის მიზნით იყო, ვითომ დასაწყნარებლად. დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვისაც. ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკა იხურება გაურკვეველი ვადით. 4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ონკოლოგიის კლინიკის მაგალითი გვაქვს, რომელიც ასეთი დაპირებით მიატოვეს. რაც შეეხება შეთავაზებებს, ეს არის ჩვენი მოსყიდვის და გაჩუმების მცდელობა“, – აღნიშნა ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.