რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები დასრულდა

94
spot_img

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩევლებს ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ.

ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი ლევან ზალკალიანი(„ქართული ოცნება“), ხოლო თერჯოლის მერის არჩევნებში დარეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი მანუჩარ რობაქიძე იყო(„ქართული ოცნება“).

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატის მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) და გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება“).

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აერჩია გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში.

გურჯაანის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ მუხულიშვილი, თიანეთში – იოსებ მათურელი, ახალციხეში – როინ ნებაძე, ქუთაისში კი მიხეილ გიორგაძე იყო. ტყიბულში გიორგი კერესელიძის („ქართული ოცნება“) კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე იყო,

ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ამომრჩევლის 91%-მა ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ხმა.