დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში “ნიუსვიკის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება:
“7 ივლისს “ნიუსვიკმა” გამოაქვეყნა სტატია ამ სათაურით: “Exclusive: The CIA’s Blind Spot about the Ukraine War” (“ექსკლუზივი: სი-აი-ეის ბრმა ზონები უკრაინის ომში”). ეს აშკარად სი-აი -ეის (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) შეკვეთილი სტატია ნათელს ფენს ამ “პოსტ-ომის” ნამდვილ არსს. სტატიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არსებობს “საიდუმლო შეთანხმება”, რომელსაც ორივე მხარე ზედმიწევნით იცავს; ამის გამოც უკრაინის ომი არ გასცდება კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებს. ეს “საიდუმლო შეთანხმება” შემდეგ იმპერატივებს ემყარება: 1. აშშ და ნატო ამ სამხედრო კონფლიქტში უშუალოდ არ ჩაერთვებიან; 2. რუსეთი არ გასცდება ე.წ. სპეციალური ოპერაციის ფარგლებს, რაც ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ სამხედრო კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიის იქით არ გავა, არამედ იმასაც, რომ რუსეთი არ გამოიყენებს მაგ. “უდაბნოს ქარიშხლის” მსგავს ისეთ სამხედრო ტაქტიკას, რაც უკრაინას ერაყივით გაანადგურებს და სახელმწიფოებრიობას აღგვის პირისაგან მიწისა, არამედ უკრაინა იქნება ერთგვარი სამხედრო პოლიგონი, სადაც კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებში, ნატო (ძირითადად აშშ) და რუსეთი ერთმანეთს ძალებში გამოცდიან. ამ “საიდუმლო შეთანხმების” დაცვა ამერიკული მხარის მიერ სწორედ სი-აი-ეის ევალება, რასაც იგი წარმატებით ართმევს თავს, მიუხედავად სირთულეებისა – უწინარესად კი უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი რისკების – სამხედრო კონფლიქტი გავიდეს “კონტროლირებადი ესკალაციის” ჩარჩო ებიდან (რაც ბუნებრივია, ვინაიდან უკრაინას არ სურს პოლიგონობა) დაზღვევას ახერხებს. თავის მხრივ, აღნიშნულია სტატიაში, არც რუსები გადიან ამ “საიდუმლო შეთანხმების” იმპერატიული პირობებიდან და ზუსტად იცავენო “წითელ ხაზებს”.
ამრიგად, რასაც მე ვამბობდი “დიფუზიური ომის” თაობაზე და ამისათვის მაქილიკებდნენ, ამ სტატიით მორიგჯერ დადასტურდა: ეს გახლავთ ომი არა რომელიმე მხარის გასამარჯვებლად, არამედ ომი ომისათვის, გლობალური დიდი არეულობისათვის, დიფუზიისათვის, რაც კონტროლირებადი ესკალაციის პირობებში მიმართულია იქითკენ, რათა მოხდეს ერი-სახელმწიფოების შიდა და ასევე, საერთაშორისო წესრიგის (უფრო სწორედ იმისაც, რაც ამ წესრიგიდან დარჩა), რაც ომამდე მეტ-ნაკლებად მაინც არსებობდა, არა მხოლოდ სრული დისკრედიტაცია, არამედ – სავარაუდოდ ლიკვიდაციაც კი.
ეს პოსტ-ომი უკვე წელიწადი და ხუთი თვეა მიმდინარეობს. საკმარისზე მეტი დროა დასკვნების გამოსატანად, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ფაქტობრივად ხელისგულზე დევს. აი, რა შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ:
1. რუსეთს არა აქვს რაიმე გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა, მით უმეტეს ისეთი გამანადგურებელი, რაც თანამედროვე ომებში სუპერ-სახელმწიფოს შეიძლება და უნდა ჰქონოდა. მაგალითად, იგივე აშშ-ს თუნდაც ერაყის ორივე ომში, სადაც სულ რამდენიმე დღეს იყო საჭირო ამ სახელმწიფოს პირწმინდად დასანგრევად. რუსეთის საომარი შესაძლებლობები შეზღუდულია არა მხოლოდ მისი საომარი რესურსების ნაკლები სიმძლავრით, არამედ ამ ომის ხასიათითაც: იგივე “საიდუმლო შეთანხმება” რუსეთს აიძულებს იმოქმედოს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, თავი შეიკავოს უკრაინის ისეთივე განადგურებისგან, რაც იგივე ერაყში მოხდა, ე.ი. უფრო მეტად “დაინდოს” უკრაინა (ამას სხვა მიზეზებიც აქვს – უწინარესად ამ ხალხების სისხლით მონათესაობა), ვიდრე, მაგ. აშშ-მ დაინდო ერაყი ანდა საერთოდ, დაინდობს ვინმეს უშუალო ომში; ცხადია, რასაც რუსეთი აკეთებს, მას დანდობა ნაკლებად ჰქვია, მაგრამ აშკარაა – გაცილებით უარესი შეიძლება მომხდარიყო: რუსეთს, ბოლოსა და ბოლოს, მართლაც შეუძლია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება.
2. მეორეს მხრივ, თუკი ნატო უშუალოდ არ ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში, რაც არ უნდა კონვენციური ანდა კონვენციურობის ზღვარზე (მაგ. კასეტური ბომბები, ანდა ურანის შემცველი ჭურვები) იარაღი და ფული მიაწოდონ უკრაინას, მას დროის იმ დასაშვებ მონაკვეთში, რაც მეტ-ნაკლები შიდა სტაბილობისათვის და ომისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსების შესანარჩუნებლად არის აუცილებელი, უკრაინა ვერ შეძლებს ყირიმის ან თუნდაც ოკუპირებული დონბასის სრულად გათავისუფლებას. ამდენად, იმ კლასიკური მნიშვნელობით, რასაც ომში გამარჯვება ჰქვია, მხარეები ძალიან შორს არიან; ისევე შორს და შეიძლება უფრო შორსაც, ვიდრე ომის დასაწყისში.
3. აშკარაა, რომ ომი მიმდინარეობს მხარეთა გამოფიტვის სტრატეგიით; ამასთან, აშშ-ს და დასავლეთს საკმარისი აქვს იარაღიცა და ფულიც, რათა ეს ომი “ნელ ცეცხლზე” ე.ი. მართვადი ესკალაციის ჩარჩოებში, კიდევ დიდხანს, როგორც თავადვე ამბობენ – რამდენიც საჭიროა, თუნდაც უკანასკნელ უკრაინელამდე, გააგრძელოს. მიუხედავად გულუბრყვილო მოლოდინებისა, რომ სანქციებითა და გამოფიტვის სამხედრო სტრატეგიებით დიდხანს ვერ გაძლებდა, რუსეთზეც იმავეს თქმა შეიძლება.
4. რჩება შთაბეჭდილება, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეებს ეს არ მოჰბეზრდებათ. ხოლო ის, თუ როდის მოჰბეზრდებათ, მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული; დაახლოებით ისევე, როგორც არ იყო მათ ნებაზე დამოკიდებული კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებისა თუ დასრულების გამოცხადება. ეს დამოკიდებულია იმ მხარეზე, ვინც სინამდვილეში არის კიდეც ამ ომის ორგანიზატორი – გლობალური კორპოროკრატია; სწორედ იგი უკვეთს მუსიკას და არა რუსეთისა ანდა აშშ-ს მთავრობები, რომლებიც სხვაგვარად, თუ არა როგორც ესაა კორპორაკრატიის მიერ განსაზღვრული, ან ვერ ან არ მოქმედებენ. კორპორაკრატია დიახ, მუსიკას უკვვეთავს, მაგრამ არ იხდის – ფულსა და სისხლს მხარეები იხდიან. ფულს – ძირითადად ომში არაპირდაპირ თუ პირდაპირ მონაწილე ერი-სახელმწიფოები, ხოლო სისხლს – უწინარესად უკრაინა. მიზანი გასაგებია: ერი-სახელმწიფოებისა და საერთაშორისო წესრიგის საბოლოო დანგრევა, რათა გზა გაიწმინდოს პოსტ-ეპოქალური კორპოროკრატიული წესრიგისთვის. თუ რა არის ეს წესრიგი, პრაქტიკულად მიგვანიშნეს უკრაინის ორი მაიდანითა და მანამდეც, ჩვენი ვარდების რევოლუციით, რაც სწორედ ეგაა – ერი-სახელმწიფოს დანგრევა და კორპორაციის მოყვანა მართვაში. როგორც ზელენსკის, ასევე სააკაშვილის მთავრობები ტიპოლოგიურად იგივეობრივია: ისინი კორპოროკრატიის, ანუ რასაც დღეს “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ, ადგილობრივ კლიენტელას წარმოადგენენ.
5. მიუხედავად ბევრი საუბრებისა და ქადილისა, სათანადო წინააღმდეგობას ამ “გლობალური ომის პარტიას” ჯერჯერობით, ვერავინ უწევს. მაგრამ მთავარი ბრძოლა, ჩემი აზრით 2024 წელს აშშ-ში უნდა შედგეს. კორპორაოკრატია აშშ-ს საკუთარ მეტროპოლიად განიხილავს და ყველაფერი, რაც ხდება პერიფერიებში, მათ შორის უკრაინის ფრონტზეც და აქაც, საქართველოშიც, ამ დიდ მიზანს ემსახურება: თუ აშშ-ში საბოლოოდ დამარცხდა ერი-სახელმწიფო და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელებმა “დიპ სტეიტთნ” ჰიბრიდული სამოქალაქო ომი წააგეს, გლობალური ომის პარტიის მიზანი მიღწეული იქნება.
აი მაშინ კი მოგვიწევს ამის თქმა: “ომი დასრულდა! მშვიდობის გეშინოდეს ხალხო!”
დასრულდება ეს დიფუზიაც. დაიწყება ახალი წესრიგი, რაც როგორც ეს ფუკუიამამ იწინასწარმეტყველა, მართლაც “ისტორიის დასასრულს” მოასწავებს. ხოლო იუვალ ნოა ჰარარი ამ დასასრულს “ჰომო დეუსისი” აღზევებას უწოდებს და მხედველობაში აქვს ღმერთის არა მარტო მეორედ მოკვდინება, არამედ მისი საფლავიდანაც ამოთხრა!
ღმერთო, შენ გვიშველე!”- წერს დავით ზარდიაშვილი.