„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.
„რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა. ერთია, როდესაც ღია პროპაგანდითა და „ფეიკ-კამპანიებით” ცდილობს “გლობალური ომის პარტია” სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს ასეთი ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.“ – წერს ქადაგიძე.