რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

18
spot_img

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქვე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

„მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.

გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – ვკითხულობთ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.