“რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი” – ირაკლი კობახიძე

49
spot_img

რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ეს არის ბრძოლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის.

„ვიცით, რომ რამდენიმე დაჯგუფებაა. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი დაპირისპირება იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მით უკეთესია.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილს, კობახიძის თქმით, ოპოზიციას ის აფინანსებს.

„კეზერაშვილი არის მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მისი ფინანსების გათვალისწინებით გამოკვეთილად რეალური ლიდერია რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ამიტომ, ამაზე საუბარი არის რეალური. ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი, მისი ფინანსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის კეზერაშვილი“, -განაცხადა კობახიძემ.