“რატომ უშლიან ხელს გამოძიებას, სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?” –რატი იონათამიშვილი

14
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს. ეს ქმედება მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ამ პარტიის წარმომადგენლებმა ან ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – დამნაშავეებს ხელს აფარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციას ხელს უშლის და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა.

იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აღნიშნული გარემოებით დაინტერესდნენ.

„„Ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ. ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა. მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ვიდეოკამერებზეა ასახული. ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას შეგნებულად მალავს. აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას, სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?“ – წერს რატი რატი იონათამიშვილი.