“რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ?”- ვალერი კვარაცხელია კელი დეგნანს

226
spot_img

ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში კელი დეგნანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქალბატონო კელი, თქვენ მსოფლიოს ელჩი კი არ ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ.

ქალბატონო კელი, თქვენმა დღევანდელმა განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში მრავალი შეკითხვა აღძრა. „აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ბატონ პუტინს თუ სურს აჩვენოს, რომ საქართველოზე ზრუნავს, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.“

ეს პროვოკაციული განცხადებაა.

საქართველოს მთავრობა მიესალმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თქვენ რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ სხვა მიმართულებით გვიბიძგოთ? საერთოდ, რა დაგიშავათ ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ რუსეთთან ომისთვის იმეტებთ ისევე, როგორც უკრაინა გაიმეტეთ და დაღუპეთ კიდეც. პატარა საქართველოს რუსეთთან ექვსას კილომეტრზე გადაჭიმული სახმელეთო საზღვარი აქვს. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს, თქვენ კი ჩვენს შორის თანხმობისა და კეთილმეზობლობის დამკვიდრების ნაცვლად, მუდმივად „ჩორტის ჩამოგდებით“ ხართ დაკავებული. რატომ გინდათ, რომ ჩვენმა ხალხმა იწვალოს ვიზის მისაღებად, იფრინოს მესამე ქვეყნების გავლით და შემოვლითი გზებით? რა დაგიშავათ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ არ გსურთ მათი მდგომარეობის შემსუბუქება? სავიზო რეჟიმის მოხსნითა და საავიაციო მიმოსვლის აღდგენით იქნებ ეკონომიკამ წაიწიოს წინ? იქნებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს? რატომ გვიშლით ხელს? თქვენ გადაგვიწყვიტავთ პრობლემებს? აქამდე რომელი პრობლემა გადაგვიწყვიტეთ?!

რომ გაიძახით საავიაციო მიმოსვლა არ უნდა აღსდგესო, რატომ? თუკი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, თქვენი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელიდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ნატოს წევრი თურქეთიდან შეიძლება პირდაპირი რეისების განხორციელება რუსეთის ქალაქებში, ჩვენ რატომ გვაყენებთ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში? რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ? დაფიქრებულხართ ამაზე?

პუტინს სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხზე ზრუნვის გამო არ მოუხსნიაო, – რომ ამბობთ, თქვენ ხომ ზრუნავთ ქართველ ხალხზე, ჰოდა, თქვენ მოგეხსნათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, ხომ იცით როგორ და რამდენს წვალობენ ჩვენი მოქალაქეები თქვენს ქვეყანაში შემოსაღწევად. სხვას სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის აკრიტიკებთ და თქვენ გამკაცრებული სავიზო რეჟიმისთვის მადლობას ითხოვთ?!

ქალბატონო ელჩო, ხედავთ რამდენი შეკითხვა დაგროვდა პატარა მოცულობის ერთ სტატუსში? შეკითხვა უამრავია. რაც ჩამოვთვალე, წვეთია ზღვაში. ამიტომ, ვიდრე ამ შეკითხვებზე არ გვიპასუხებთ, თქვენს ნათქვამს არ მივიღებთ. არ არის წრფელი გულით ნათქვამი, არ არის მოყვარისა და კეთილისმსურველის მიერ ნათქვამი და იმიტომ.

ახლა, როდესაც ნაბიჯები გადადმულია, როდესაც ქართველ ხალხს თუნდაც მცირეოდენი პერსპექტივა და იმედი გაუჩნდა, თქვენ გინდათ, რომ თქვენი პროვოკაციული განცხადებებით ეს ყველაფერი წაშალოთ, რათა რუსეთთან იმგვარ დაპირისპირებულ მდგომარეობაში დაგვტოვოთ, საიდანაც ვერასოდეს გამოვალთ? ვერა, ქალბატონო ელჩო, ვერ დაგიჯერებთ და ვერ აგყვებით ამაში. თქვენ, ქართველ ხალხს, თქვენი სრულიად არადიპლომატიური მოქმედებებით თქვენს ქვეყანაზე უკვე აუცრუეთ გული. საკმარისია. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მთელი მსოფლიოს ელჩი კი არა ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ. დარჩით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და ნუ ერევით უხეშად ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. ნუ შეურაცხყოფთ ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს,”- წერს ვალერი კვარაცხელია.