“რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ”-The Spectator

14
spot_img

„რუსეთში დონალდ ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმი დაცინვის ობიექტად იქცა, – ნათქვამია ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით:
„რატომ თვლის პუტინი ბლეფად ტრამპის მიერ ტარიფების ზრდას რუსეთის წინააღმდეგ“ (ავტორი – ალექსანდრე კოლიანდრი, ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ულტიმატუმს, თუ რუსეთი 50 დღის განმავლობაში არ დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ, აშშ-სთან ვაჭრობაში დრაკონული სანქციები დაუწესდებათ – ტარიფები 100%-ით გაეზრდებათო, რუსულმა დიპლომატიამ თავისი მთავარი იარაღი დაუპირისპირა – დასავლეთისადმი დაცინვა და აგდებული დამოკიდებულება. აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას რუსი პროკრემლური პოლიტიკოსები თეატრალურად გამოხატული ისეთი ზიზღით შეხვდნენ, რუს დრამატურგს და მწერალს ანტონ ჩეხოვს რომ დაენახა, იამაყებდა მისი მოთხრობების გმირების სახის რეალიზებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელიდან არ გაუშვა სარკაზმის დიპლომატურად გამოხატვის შესაძლებლობა და შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კოლეგებთან პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა: „მოსმენილი გვაქვს მისი 24-საათიანი და 100-დღიანი დაპირებები, მაგრამ ეს უკვე გავლილი ეტაპია. ახლა 50 დღე დაგვითქვა… რა უნდა მისტერ ტრამპს, დღემდე ვერ გავიგეთ… იქნებ გვითხრა, რისი სურვილი ამოძრავებსო“.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების შესრულებას“ – ჯორჯ ორუელისებური ამ ევფემიზმით სახელით მათ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრა მონათლეს, ჩვენ კი მას ომს ვუწოდებთ. მართალია, თვითონ ვლადიმერ პუტინს სიტუაციისათვის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი არასოდეს არ ყოფილა ის ადამიანი, ვისაც სხვის ნოტაციების მოსმენა უყვარს, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის ბაგეთაგან წარმოთქმული. „როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, ის აუცილებლად მოახდენს რეაგირებას’, – განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რა თქმა უნდა, რუსი ჩინოვნიკების მოქმედება შეიძლება ზოგს ყოყოჩობად და გამომწვევ მოქმედებად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ყველა მათ განცხადებას თვალს გავადევნებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ისინი უფრო მეტად გათვლილია, ვიდრე საჩვენებელი.

დონალდ ტრამპის რიტორიკის მკვეთრი ცვლილება ერთი შეხედვით შთამბეჭდავია და მოულოდნელიც. აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში „თავს ევლებოდა“ ვლადიმერ პუტინს და უკრაინას – ტანჯულ ქვეყანას – კედელთან აყენებდა კაპიტულაციისათვის, მაგრამ გასული კვირაში, ორშაბათს, დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა საგარეოპოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ: დაიღალა რა თავისი რუსი კოლეგის ჯიუტობით, იგი უკრაინას იარაღის მიწოდების განახლებას დაპირდა, რუსეთს კი მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ტარიფების 100%-იან გადიდებას, რომ მათ კრემლთან აღარ ივაჭრონ და პუტინს შემოსავლები შეუმცირდეს ომის გასაგრძელებლად.

ქაღალდზე ეს მუქარები ძალიან სახიფათოდ მოჩანს: რუსული ნავთობის ექსპორტი, რომელიც პუტინის სამხედრო მანქანას სიცოცხლის ძალას ანიჭებს, ამერიკის სამიზნედ იქცა. ასეთი სანქციების შედეგად რუსეთს შეიძლება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება დღეში ხუთი მილიონი ბარელით შეუმცირდეს და თავისი საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის მეოთხედი დაკარგოს. მაგრამ რადგანაც საერთაშორისო ფასები ენერგორესურსებზე არ შეცვლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბირჟები კრემლის სკეპტიციზმს იზიარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

ძირითადი პრობლემა იმაშია, რომ ვერც მოსკოვი და ვერც საბირჟო სპეკულანტები, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ დაიწყებენ მოქმედებას ვაშინგტონის სასანქციო საბაჟო ტარიფები. ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ იდეა, როგორც ჩანს, ჩაფიქრებულია როგორც პოლიტიკური ჟესტი და არა როგორც პრაქტიკაში რეალურად განსახორციელებელი ნაბიჯი.

ტრამპის განცხადების ტონი და ხასიათი ნაკლებ ოპტიმიზმს უნერგავს მათ, ვისაც მისი შესრულების იმედი აქვთ. ამერიკის პრეზიდენტს ადრეც ბევრი ულტიმატუმი წაუყენებია ვლადიმერ პუტინისათვის, მაგრამ ისინი ცარიელი სიტყვები აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას 2025 წლის მარტში დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაზე, რომელიც იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ვენესუელის ნავთობს ყიდულობენ, აშშ-სთან ვაჭრობის ტარიფები უნდა გაიზარდოს. პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი კი მოაწერა, მაგრამ დღემდე ბრძანებულება არ ამოქმედებულა.
50-დღიანი ვადა ვლადიმერ პუტინს აძლევს როგორც შესაძლებლობებს, ასევე სტიმულებს. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა საზაფხულო შეტევა გააგრძელოს – ყველაზე წარმატებული და ყველაზე ძვირადღირებულიც, თუ 2023 წელს შევადარებთ. იმის ნაცვლად, რომ ცეცხლი შეწყვიტოს და მშვიდობა დაუყოვნებლივ დაამყაროს, რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია ვა-ბანკზე წავიდეს, გააძლიეროს ყოველდღიური დაბომბვები და უკრაინის თავდაცვას ძირი გამოუთხაროს. სექტემბრისათვის კრემლს შეუძლია მისთვის მომგებიან სიტუაციაში დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ან თეთრი სახლი დაარწმუნოს – ცოტაც დააცადოს და მოსკოვი თავის მიზნებს უკვე მიაღწევს.

თუ საბაჟო ტარიფების მატება ნამდვილად განხორციელდება, ისინი ამერიკის პრობლემებს შეუქმნის თავის ძალზე მნიშვნელოვან პარტნიორებთან ურთიერთობაში. ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი – რუსული ნავთობის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე, ისინი უზომოდ გაზრდილი სავაჭრო ბარიერების წინაშე აღმოჩნდებიან. იდეა, რომ ამერიკას 100%-იანი ტარიფების შემოღებით, შეუძლია პეკინთან ვაჭრობა, უბრალოდ, შეწყვიტოს, ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება. გავიხსენოთ სავაჭრო ომი, რომელიც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ტარიფების მატებით გააჩაღა: რა შედეგი გამოიღო? პრაქტიკულად არაფერი, პრეზიდენტმა უკან დაიხია.
ანალოგიური სახით აშშ პრობლემებს გაიჩენს ინდოეთთანაც იმ დროს, როცა ვაშინგტონს დელის მხარდაჭერა სჭირდება ჩინეთის ეკონომიკური დომინირების შესუსტებაში.

თურქეთთან დაკავშირებით ამერიკული სატარიფო სცენარი საერთოდ აბსურდულად გამოიყურება: რა სანქციები, რის სანქციები სამხედრო მოკავშირისა და ნატოს წევრის მიმართ? თურქეთი ხომ აშშ-ის ინტერესების გამტარებელ ქვეყანას წარმოადგენს სირიაში და სამხრეთ კავკასიაში!

არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპის სანქციების ყველაზე საჩვენებელი ნეგატიური პროგნოზი იქნება ის, თუ როგორ გაიზრდება ნავთობის ფასები, რომლის თავიდან აცილებას დონალდ ტრამპი აცხადებდა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. იმ დროს, როცა ისეთი ალტერნატიული ქვეყანა არ არსებობს, რომელიც რუსეთის მიერ ყოველდღიურად მოპოვებულ ხუთ მილიონ ბარელ ნავთობს ჩაანაცვლებს – მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამერიკელი ავტომობილისტები ბენზინის ფასის სწრაფი მატების წინაშე დადგებიან. და თუ პლუს ამას ინფლაციაც დაემატება, ტრამპისეული ანტირუსული სანქცია ამერიკელების ჯიბესაც მტკივნეულად დაარტყამს. პრეზიდენტისათვის, რომლის წინასაარჩევნო კამპანია ეკონომიკურად „კარგად გათვლილ პროგრამას“ ეფუძნებოდა, ასეთი მოქმედება თვითმკვლელურ სტრატეგიად შეიძლება შეფასდეს. .

ბედის ირონიით, დონალდ ტრამპის მუქარამ ვლადიმერ პუტინს უკვე მოულოდნელი საჩუქარი მოუტანა: პრეზიდენტის განცხადებამ ფაქტიურად დაბლოკა კონგრესის მცდელობები კონკრეტულად რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესებულიყო. სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა განაცხადა, რომ ორპარტიული ანტირუსული პაკეტის განხილვას შეაჩერებს, რომელსაც კონგრესის ზედა პალატაში უკვე 85 მხარდამჭერი ჰყავს. სენატის კანონპროექტი ითვალისწინებდა ტარიფების ზრდას… 500%-ით. ასე რომ, ვლადიმერ პუტინს ოცნებაც კი არ შეეძლო ესოდენ კარგ შედეგზე.

„მე თქვენი არ მჯერა“, – ასე უთხრა ერთხელ რუსმა თეატრალურმა რეჟისორმა კონსტანტინე სტანისლავსკიმ თავისი თეატრის იმ მსახიობებს, რომლებიც სიმართლის იმიტაციას ახდენდნენ და არადამაჯერებლად წარმოსახავდნენ რეალობას. იგივეს გავიმეორებ – არც მე მე არ მჯერა დონალდ ტრამპისა. ბაზრებიც, როგორც ჩანს, ამ შეფასებას იზიარებენ. დონალდ ტრამპის განცხადება უფრო რიტორიკის ცვლილებაა, ვიდრე მისი არსისა.
ამიტომაც მოსკოვის დამცინავი დამოკიდებულება შეიძლება გამართლდეს. ვლადიმერ პუტინმა უკვე არაერთხელ ამხილა დონალდ ტრამპის ბლეფები და მასთან საუბრებში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური რეალობა, პოლიტიკური სიტუაცია და აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები (ანუ ის, რომ აშშ-სათვის ნავთობი ფასის გაზრდა საზარალოა) ამ შემთხვევაში კრემლის სასარგებლოდ მუშაობენ, რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ შეუძლია ვაშინგტონის ულტიმატუმს დასცინოს.
მოსკოვის დამაჯერებლობა იმას მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე დიდი ხანია იცის პასუხი თავისი ამერიკელი კოლეგის მცდელობაზე – ტრამპის მუქარა ბლეფია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: