რატომ სჭირდება ვლადიმერ პუტინს დასავლეთის მხარდაჭერა? – რას წერს ბრიტანული პრესა

25
spot_img

„თუ რუსეთის სახელმწიფო მასმედიის საშუალებებს დავუჯერებთ, მსოფლიოში რუსეთი ყველას უყვარს, ან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პოზიციას მეტ-ნაკლებად მაინც იზიარებენ. კრემლი ასეთ აზრს მოსახლეობას მიზანმიმართულად უნერგავს. ვლადიმერ პუტინი ცდილობს საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს, რომ უცხოური კრიტიკის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული („ვისაც რა უნდა ის თქვას, ქარავანი მაინც მიდის“), იმავდროულად კი იგი სპეციალურად აზვიადებს და გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მხარდაჭერისათვის დასავლეთში გამოხატულ პოზიციას. რატომ აკეთებს ასე პრეზიდენტი?“, – ასეთი შესავლით იწყება ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რატომ ჭირდება ვლადიმერ პუტინს დასავლეთის მხარდაჭერა?“ (ავტორი – მარკ გალეოთი). მასში განხილულია, თუ როგორ სარგებლობს კრემლი და რუსეთის სამთავრობო მასმედია დასავლელი რუსოფილურად და პრორუსულად განწყობილი ადამიანების პოზიციით.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


გასულ კვირაში სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ოდესღაც ინვესტიციებისა და სავაჭრო გარიგებების რუსულ ვიტრინას წარმოადგენდა და რომელმაც „რუსულ დავოსის“ სახელი მიიღო, უცხოელი სტუმრების ნაკლებობა აშკარად შეიმჩნეოდა. ევროპული ოფიციოზიდან იქ იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო (რომელმაც თავისი იქ ყოფნა ინდივიდუალურ სიმამაცედ შეაფასა), დანარჩენი კი ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების (ანუ „მსოფლიოს უმრავლესობის“ – როგორც მას რუსები უწოდებენ) მაღალჩინოსნები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ავღანური „ტალიბანის“ წარმომადგენელიც კი.
დასავლეთის არყოფნის საკომპენსაციოდ, რუსულმა სახელმწიფო მასმედიამ ევროპელები აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებით, ანუ „მსოფლიოს უმრავლესობით“ ჩაანაცვლა. სამთავრობო ტელევიზიებით, სააგენტოებით და პრესით გავრცელებულ კომენტარებში და ინტერვიუებში აშკარად ცალმხრივობა ჩანს – მხოლოდ დადებითი პოზიცია რუსეთის მიმართ. (…)


რუსული მასმედია ყველაფერს, რაც მას არ მოსწონს, მაგრამ აუცილებელი მისი დაფიქსირება, თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და მკითხველს კრემლის სიმართლის დადასტურებად წარმოუდგენს. მაგალითად, ზოგიერთი დონორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის ნებართვის მიცემაზე, რომ კიევს შეუძლია მათი წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოიყენოს, რუსული მასმედია წერს, რომ „აი, შეხედეთ, ეს სწორედ ისეთი ქმედებაა, რაზედაც ვლადიმერ პუტინი მუდმივად ამბობს – „დასავლეთი, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ მილიტარისტულ ავანტიურაში, უკრაინას ინსტრუმენტად იყენებს“.


რუსული მასმედია კარგად იყენებს ყველა მასალას, რომელშიც, პრინციპში, სწორად შეიძლება იყოს აქცენტები დასმული, მაგრამ ყველაფერს ისეთი ფორმით ავრცელებს, რომ თითქოს რუსეთის სასარგებლოდ იყოს ნათქვამი. ცნობილმა პუტინოფილმა თაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩამოართვა ერიკ პრინსს, რომელიც დაქირავებულ მეომართა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელია და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ვაგნერის“ შექმნაში 2013-2014 წლებში. მან საუბრის დროს ჯო ბაიდენი გააკრიტიკა – ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ და ამით ომი თავიდან იქნებოდა აცილებულიო. რუსულმა პრესამ კი ერიკ პრინსის ნათქვამი მოსახლეობას ასე „გადაუთარგმნა“: „ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუ ნატო უარს იტყვის კიევის დახმარებაზე“. (…)


ითვალისწინებენ რა იმას, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის ფაქტი მსოფლიოში პოპულარობით არ სარგებლობს, რუსების უმეტესობა თანახმაა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ არა [რუსული ტერიტორიების – ყირიმისა და დონბასის] დათმობებზე. ამ დროს, შეიძლება ითქვას, დასავლეთის „ნამდვილი“ (ჭკვიანი და ბრძენი) მცხოვრებლები რუსეთის მხარეზე იქნებიან და ვლადიმერ პუტინს დაეთანხმებიან. იმავდროულად ეს ხაზს უსვამს რუსული სულის მრავალსაუკუნოვან შიშსა და მტრობას ევროპის მიმართ. აზრის ჩანერგვა იმაზე, რომ ახლა მხოლოდ რუსეთიღა რჩება ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობების დამცველ-საყრდენად და რასაც თვითონ ევროპელებიც აღიარებენ, ალბათ, ზოგიერთისათვის უნდა იყოს ერთგვარი კომპენსაცია იმისათვის, რომ ისინი სანქციების გამო იზოლაციაში აღმოჩნდნენ და ევროპაში წასვლა აკრძალული აქვთ.


წყარო