რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად? – უცხოური პრესა

40
spot_img

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად?“ (ავტორი – არპან რაი), რომელშიც საუბარია ექსკლუზიურად მიღებულ ფაქტებზე. „მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის ქვედანაყოფების იარაღით და სხვა მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, ქერჩის სრუტეზე გადებული ყირიმისა და ტამანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდით აღარ ისარგებლოს“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ მიიღო მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება და რომელი ალტერნატიული გზებით უნდა განხორციელდეს რუსეთის არმიის მომარაგება?

როგორც კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები აჩვენებენ, ხიდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს – ყირიმის ანექსიის შემდეგ – ააშენა, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის  აღარ შეიმჩნევა.

როგორც უკრაინის კერძო სადაზვერვო სააგენტო „მოლფარის“ ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მასზე მხოლოდ ერთმა სატვირთო მატარებელმა გაიარა – 29 თებერვალს, საწვავის 55 ცისტერნით, ხოლო მარტ-აპრილში ხიდის მეშვეობით რუსეთის სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გადაადგილებულა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქერჩის ხიდი უკვე აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს რუსეთის ჯარების მომარაგებაში და უკრაინის არმიისათვის ეფექტურ სამხედრო სამიზნეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. საინტერესოა, რომ ხიდის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა 2023 წლის 17 ივლისს მისი საავტომობილო ნაწილი და სარკინიგზო ხაზი დააზიანეს.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმისა და ტამანის დამაკავშირებელ საკომუნიკაციო ობიექტს „კანონიერი სამხედრო სამიზნე“ უწოდა – „ყირიმის ხიდს ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ამიტომ მისი ნეიტრალიზება უცილებელია“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკას განცხადებით, სანამ 17 ივლისს ქერჩის (ყირიმის) ხიდზე აფეთქებები განხორციელდებოდა, ყოველდღიურად მასზე იარაღით დატვირთული დაახლოებით 40 სამხედრო ეშელონი გადადიოდა. ამჟამად კი დღეში მხოლოდ ოთხი სამგზავრო მატარებელი დადის.

დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსკოვი სახმელეთო მარშრუტების გამოყენებაზე გადავიდა და სარგებლობს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციებით. მკვეთრად არის გაზრდილი ტვირთების მოძრაობა ტამანიდან როსტოვის ოლქის მიმართულებით.

როგორც „ინდეფენდენთის“ კორესპონდენტს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორმა არტემ სტაროსეკმა შეატყობინა, ახლა კიევს მოუწევს თავისი ყურადღება გაამახვილოს დონბასის სამხრეთით მდებარე მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე და მარიუპოლზე, სადაც სახმელეთო კომუნიკაციები – საავტომობილო გზატკეცილები მოქმედებენ და რუსეთის სარკინიგზო ჯარები რკინიგზის დაზიანებულ ხაზს არემონტებენ (140 კილომეტრიან მონაკვეთს) და ახალი გაჰყავთ (63-კილომეტრიანი მონაკვეთი). მოსალოდნელია, რომ გზის მშენებლობა ზამთრის დაწყებამდე დასრულდება.

ვასილი სტაროსეკის თქმით, უკრაინისათვის უფრო მომგებიანი იქნება სახმელეთო მარშრუტების განადგურებაზე გადავიდეს იმის ნაცვლად, რომ თავისი რესურსები ყირიმის ხიდზე დახარჯოს. „დღეს სწორედ სახმელეთო გზები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ვიდრე სამხედრო ტვირთების გარეშე დარჩენილი ყირიმის ხიდი“, – ამბობს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორი, – დასავლეთისაგან მიღებული იარაღი იმ გზების დაზიანება-განადგურებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, რომლითაც რუსეთის არმია საბრძოლო მასალებს იღებს“.

წყარო