რას გვპირდება გველის წელიწადი

23
spot_img

ჩინური კალენდრით მომავალი წელი ხის მწვანე გველის წელია, რომელიც 2025 წლის 25 იანვარს შევა ძალაში და 2026 წლის 16 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დასავლურისგან განსხვავებით, აღმოსავლური ჰოროსკოპი 12 ცხოველურ ნიშანს აერთიანებს, რომლებიც თვეების ნაცვლად წლებს განასახიერებენ და ხუთიდან (ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი და ხე) ერთ-ერთ სტიქიასთან, გარკვეულ ფერთან ასოცირდებიან, საერთო ჯამში 60 კომბინაციას ქმნიან და 12-წლიანი ციკლით ენაცვლებიან ერთმანეთს. 

გველი აღმოსავლურ კულტურაში

მართალია, გველი მეტწილად არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, მაგრამ აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და დაფასებული არსებაა, რადგან სიბრძნისა და გონიერების, მოქნილობისა და მოხერხებულობის სიმბოლოდ ითვლება. მეტიც, თანდაყოლილი გონებაგამჭრიახობის წყალობით, გველი ყოველთვის მსუბუქად ეგუება ახალ გარემოს და ერგება ცვლილებებს, მარტივად ერევა პრობლემებს და ნებისმიერი ხაფანგიდან ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ “მხოლოდ ფრთხილი და გააზრებული მოქმედებით, მოვლენების ანალიზითა და ყოველი ნაბიჯის წინასწარ გათვლით შეიძლება მომავალ წელს წარმატების მოპოვება”, – ამტკიცებენ ასტროლოგები, რომლებიც 2025 წელს გრანდიოზული მიზნებისგან თავის შეკავებას და მხოლოდ რეალისტური გეგმების დასახვას გვირჩევენ. 

რა თქმა უნდა, გველი საშიში და სახიფათო ქვეწარმავალია, თუმცა მწვანე შეფერილობა, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიას განასახიერებს, განვითარებასა და წინსვლასთან ასოცირდება, მეტ-ნაკლებად არბილებს მის “შხამიან ხასიათს”. ამასთანავე, მშვიდობის მოყვარე გველი, რომლის სახლთან პოვნა აღმოსავლური ტრადიციით იღბლისა და კეთილდღეობის მაუწყებელია, მხოლოდ გაღიზიანებული ან დამფრთხალი გადადის თავდასხმაზე, როცა აგრესიითვე პასუხობს აგრესიას, ამიტომ არც მისი გაბრაზება ღირს, არც მოთმინების გამოცდა, რადგან ნებისმიერს დაუნდობლად “დაგესლავს”. 

2025 წლის პროგნოზი

გველის მთავარი განმასხვავებელი თავისებურების – ტყავის მოცვლის წყალობით, 2025 წელი განახლებასა და ტრანსფორმაციის წელი იქნება, ამიტომ ყველა უნდა მოემზადოს მოულოდნელი ცვლილებებისთვის, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, კონტრასტებისა და ზოგჯერ რთული გამოცდების მიუხედავად, მომავალი წელი მაინც გლობალური კატასტროფების გარეშე ჩაივლის. ამასთანავე, ხელგაშლილი გველი ყველას მისცემს დასახული მიზნებისა და სურვილების ასრულების საშუალებას, პირველ რიგში კი, მათ უწყალობებს, ვინც მეტ მოქნილობასა და გონიერებას გამოიჩენს, აქტიურად, თუმცა საღი გონებით იმოქმედებს და სპონტანურ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მოერიდება. რა თქმა უნდა, წლის მთავარი ფავორიტები გველისა და მისი მონათესავე დრაკონის ნიშნით დაბადებულები იქნებიან, ღორისა და კურდღლის ზოდიაქოს ნიშნის მატარებლებს კი, ნაკლებად გაუმართლებთ, რადგან გველის ტრადიციულ მსხვერპლად მიჩნეული ცხოველები მომავალ წელსაც მის მთავარ ნადავლად იქცევიან.  

მართალია, გველი სიმტკიცითა და მიზანდასახულობით ხასიათდება, მაგრამ უსაზღვრო მოთმინება აქვს და ძალიან არ უყვარს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. “მომავალ წელს გადამწყვეტი საღად აზროვნებისა და პერსპექტივების ობიექტურად შეფასების უნარი იქნება”, – გვარწმუნებენ ჩინელი ასტროლოგები, რომლებიც მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებას, სასიკეთო შანსების მოთმინებით ლოდინსა და მიზნის მისაღწევად ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას გვირჩევენ.   

ანალიტიკური აზროვნებითა და სტრატეგიული მოქმედებით გამორჩეული გველის დამსახურებით, 2025 წელი კარგად გათვლილი ინვესტიციებისა და ეტაპობრივი, თუმცა სტაბილური ფინანსური ზრდის წელი იქნება, თუმცა სწრაფ მოგებაზე ორიენტირებულ სფეროებს, რომელთა საქმიანობა რისკსა და ავანტიურისტულ მოქმედებას უკავშირდება, სერიოზული სირთულეების დაძლევა მოუწევთ. საგრძნობლად გაუმჯობესდება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც, რადგან პოლიტიკურ ლიდერებს სწორედ გველის სიბრძნე დაეხმარება მოზომილი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთანავე, გაძლიერდება მორალური პრინციპები და იდეალები, აქტუალური გახდება ოჯახური და საზოგადოებრივი ურთიერთობები. “თუ დრაკონის წელი ძიებებისა და რეფორმების წელი იყო, მაშინ გველის წელი უკვე მოძიებულისა და რეფორმირებულის მოწესრიგებისა და სტრუქტურირების წელი იქნება”, – პროგნოზირებენ ასტროლოგები, რომლებიც ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებას, გაუაზრებელ რისკს მორიდებას და არსებულ რეალობაზე მორგებას გვირჩევენ, რადგან მოუთმენლობასა და იმპულსურობას ნებისმიერი საქმის გაფუჭება შეუძლია, მით უფრო, რომ მცირე შეცდომასაც შეუძლია კატასტროფის გამოწვევა.    

რიტუალები იღბლისა და წარმატების მოსაზიდად

მართალია, ხის მწვანე გველი მოკრძალებული და ნაკლებად პრეტენზიული არსებაა, მაგრამ უყურადღებობა და უპატივცემულობა მაინც არ ივარგებს, ამიტომ “ძვირფას სტუმარს”, რომელსაც მასპინძლობაც შესაფერისი სჭირდება, ახალი წლის ღამეს ფანჯრის რაფაზე რძით სავსე ფიალა დაახვედრეთ, რათა კეთილად შემობრძანდეს თქვენს სახლში და სიხარულიც უხვად შემოიტანოს. მოარიდეთ მომავალი წლის მფარველს გასული წლების სიმბოლოების ფიგურები და გამოსახულებები, რადგან ეჭვიან გველს ძალიან არ უყვარს, როცა პირველობაში ეცილებიან. 

რა თქმა უნდა, ახალ წელს ყველა სიმშვიდისა და კეთილდღეობის დაბედებას ნატრობს, ამიტომ არ ღირს დღესასწაულის შეხვედრა წარსულის “მძიმე ტვირთით”. გაისტუმრეთ ძველი ვალები, შეასრულეთ გაცემული დაპირებები და მოაგვარეთ უთანხმოება ახლობლებთან, დაივიწყეთ უსიამოვნებები, პრობლემები და მტკივნეული მოგონებები. სხვათა შორის, მომავალი წელი განსაკუთრებით მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც დაქორწინებას ან სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, თუმცა, ნაკლებად  გაუმართლებთ მათ, ვისაც ახალი ავტომობილის შეძენა ან ახალ ბინაში გადაბარგება აქვს გადაწყვეტილი, მათ კი, ვისაც ფინანსური წარმატების დაბევება უნდა, აუცილებლად ახალი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას, რომელშიც მონეტას დამალავს. 

ბინის დეკორირება

მართალია, გველმა გართობის ფასიც კარგად იცის და ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობაც, მაგრამ ფარულ ცხოვრებას ჩვეული მაინც მაქსიმალურად გაურბის ალიაქოთსა და ხალხმრავლობას, ამიტომ დიდად ასიამოვნებთ, თუ ახალ წელს ახლობლებთან ერთად შეხვდებით მშვიდ ოჯახურ გარემოში. “მაქსიმალური სიმშვიდე და კომფორტი!” – გვაფრთხილებენ ფენ-შუის სპეციალისტები, რომლებიც ბინის ზონებად დაყოფას და რამდენიმე მყუდრო კუთხის მოწყობას გვთავაზობენ. გველს ყველაფერი ბუნებრივი უყვარს, ამიტომ საახალწლო დეკორიც მაქსიმალურად ნატურალური უნდა იყოს. გამოიყენეთ ბინის გასაფორმებლად ხის ნაკეთობები, ბუნებრივი მინერალები, ქოთნის ყვავილები და მცენარეები, განსაკუთრებით ტროპიკული ჯიშები. არ დაივიწყოთ წლის მფარველისთვის არც ძღვენის – ხის ყუთში მოგროვილი ჩინური მონეტების მირთმევა, ნაძვის ხე კი, პირველ რიგში, მისი ფიგურით ან გამოსახულებით დაამშვენეთ, მერე კი, ბრჭყვიალა სათამაშოებით შეავსეთ, რომლებიც სინათლეზე გველის ქერცლის ბზინვარებას განასახიერებენ. 

სამოსი

რა თქმა უნდა, მწვანე გველის მასპინძლობისას სამოსიც მისივე ფერის ტონალობაში უნდა შეარჩიოთ – ღია სალათისფრით დაწყებული, კაშკაშა ზურმუხტისფრით დამთავრებული. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ სამოსი, რომელსაც შეიძენთ არა მხოლოდ დღესასწაულის ღამეს, არამედ მთელი წლის მანძილზე უნდა გამოგადგეთ, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ პომპეზურობას და ექსტრავაგანტურობას, მით უფრო, რომ სერიოზულ და ჭკუადამჯდარ გველს, რომელიც დიზაინერების მტკიცებით თავშეკავებული და ელეგანტური სტილის ეტალონია, ძალიან არ უყვარს გამომწვევად “მატრაკვეცობა”, მათ კი, ვისთვისაც წარმოუდგენელია სადა სამოსის მორგება, შეუძლია სხვადასხვა ზომის კილიტების გამოყენება, რომლებიც გველის ფერისა და ქერცლის იმიტაციას შექმნიან. 

მართალია, წითელი ფერი აღმოსავლურ კულტურაში წარმატების სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ მომავალ წელს მაქსიმალურად მოგიწევთ მისი შეზღუდვა, რადგან ცეცხლის სტიქიასთან ასოცირებული ფერი ნაკლებად ერგება ხის სტიქიას.  

სადღესასწაულო ვახშამი

გააწყვეთ სადღესასწაულო სუფრა მწვანესა და ნაცრისფერში, მრავალფეროვნებისთვის კი, გააფორმებთ თეთრი და ყვითელი დეტალებით, თუმცა შეინარჩუნეთ ზომიერება, რადგან არ ღირს მოკრძალებული გველის თვალის მოჭრა ფერებით. გაუმასპინძლდეთ “საპატიო სტუმარს” მისი საყვარელი – ვეგეტარიანული კერძებით და სალათებით, ხორცეულიდან კი, მხოლოდ ფრინველის და ღორის ხორცი შესთავაზეთ. 

* “გველის” ფენოვანი სალათი –
ძალიან გაახარებთ წლის მფარველს თუ მისივე სალათით გაუმასპინძლდებით, რომლის მთავარი ინგრედიენტი ქათმის ფილეა, თუმცა თევზითაც შეიძლება მომზადება, მთავარია, კერძს გველის ფორმა ჰქონდეს. 

ინგრედიენტები სალათისთვის: 240 გრამი ქათმის ფილე, 150 გრამი ვაშლი, 100 გრამი კიტრი, 100 გრამი მაგარი ყველი, 120 გრამი მაიონეზი, 90 გრამი ხახვი, 15 გრამი მდოგვი, 2 კვერცხი, 20 მილილიტრი ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. 
ინგრედიენტები ხახვის მარინადისთვის: 2 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 100-200 მილილიტრი წყალი. 
ინგრედიენტები სალათის მოსართავად: 1 კიტრი, 1-2 კონა ოხრახუში, 1 ზეთისხილის მარცვალი, 1 ნაჭერი ძეხვი. 

მომზადების წესი: გააცივეთ მაგრად მოხარშული კვერცხი, გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ჩხირებად დაჭრილი ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ, გაცივების შემდეგ კი, გადმოიღეთ ბრტყელ თეფშზე. 

წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ფიალაში, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი, დაასხით 200 მილილიტრი ცხელი წყალი და მოურიეთ, 5-10 წუთის შემდეგ მსუბუქად გადაწურეთ, თხელ ფენად დადეთ ქათმის ფილეზე და მორთეთ მაიონეზის ბადით. 

მსხვილ სახეხზე გახეხეთ საშუალო ზომის კიტრი, ფრთხილად გაწურეთ, მოაფინეთ ქათმის ფილეს და კიდევ ერთხელ მორთეთ მაიონეზის ბადით. მორიგ ფენად მსხვილად გახეხილი ყველის ნაწილი გამოგადგებათ, რომელსაც ისევ მაიონეზის ბადით დაფარავთ, შემდეგი ფენისთვის კი, ჯერ მსხვილად გახეხილი ვაშლი, მერე ყველის დარჩენილი ნაწილი გამოიყენეთ და თანაბრად გაანაწილეთ მაიონეზი. 

შეურიეთ მაიონეზს მდოგვი და კარგად აურიეთ. წვრილ სახეხზე ცალ-ცალკე გახეხეთ კვერცხის გული, ცილა და მარილთან ერთად ფენებად მოაყარეთ სალათს. სპეციალური ან ჩვეულებრივი დანით გააკეთეთ კიტრზე გრძივი ღარები, გაჭერით ჯერ შუაზე, მერე თითოეული ნახევარი სიგრძეზე ორ ნაწილად და დაჭერით 5-მილიმეტრიან ნახევარწრეებად, მთლიანი ბოლოები კი, შეინახეთ გველის თავისა და კუდისთვის. მოათავსეთ დაჭრილი კიტრი და ბოლოები წრეზე გველის ფორმით, თვალების ადგილას მოარგეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილის მარცვლები, ენა კი ძეხვის ნაჭრით გაუკეთეთ და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით. 

საჩუქრები

პრაგმატულ გველს საჩუქრებიც პრაქტიკული უყვარს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ უსახსოვროთ ახლობლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამოსი და ძვირფასი სამკაული, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვებითა და მინერალებით გაწყობილი ბეჭედი, სამაჯური და ყელსაბამი, რომელიც გველის მომრგვალებულ ფორმას გაიმეორებს ან სამკაული თავად წლის მფარველის გამოსახულებით, რითაც განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავთ მის მიმართ. რა თქმა უნდა, სასარგებლო საჩუქრად ჩაითვლება სასწავლო პროგრამის ან კურსების სერტიფიკატიც, რადგან მომავალი წელი თვითგანვითარებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება, თუმცა საუკეთესო სიურპრიზად მაინც მოცულობითი კონვერტი ჩაითვლება სოლიდური თანხით, რომლითაც წლის მფარველსაც გაახარებთ და საჩუქრის ადრესატსაც.