ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბევრ მათგანს, ვინც რაფაჰს ტოვებს, ეუბნებიან, გადავიდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია იძულებით გადაადგილებული ადამიანებით და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა. გაერო-ს და ჰუმანიტარული ჯგუფების შეფასებით, რაფაჰში 1.2-1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, სანამ ისრაელი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ოპერაციას დაიწყებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ისრაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ რაფაჰში საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქუვეითის საავადმყოფოს ოფიციალური პირების თქმით, სადაც ცხედრები მიასვენეს, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.