უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში – როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები არიან დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეში წარმოადგენს მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ მოიპარა ხმები.
„ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერად თბილისში ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული და ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი, ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ამ ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმები როგორ მოიპარეთ“.- განაცხადა მდინარაძემ.