რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში? – რას წერს ბრიტანული „ეკონომისტი“

106
spot_img

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში?“, რომელშიც განხილულია კრემლის დანაკარგების მიახლოებითი რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რამდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უკრაინასთან ომში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან კრემლი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. მეტ-ნაკლებად სრული მონაცემები შეიძლება მოიძებნოს ორი დამოუკიდებელი რუსული გამოცემის – „მედიაზონისა“ და „მედუზას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომლებიც შედგენილია საჯარო ნეკროლოგებისა და განცხადებებეის საფუძველზე.

„ეკონომისტმა“ ამ საკითხზე ბოლო გამოკვლევა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რუსეთის დანაკარგები კი სულ უფრო მატულობს. თუ იმ მომენტში მოკლულთა და დაჭრილთა რაოდენობა 40 ათასიდან 55 ათასამდე მერყეობდა, ახალი მასალების საფუძველზე, სხვადასხვა მონცემების ურთიერთშედარებისა და მათი ანალიზის მიხედვით მიღებული ციფრი, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 66 ათასიდან 88 ათასამდე მერყეობს. ეს შეფასება ემთხვევა დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, რუსეთის დანაკარგებმა 70 ათასი შეადგინა. ამასთან, სრულიად განსხვავებული ციფრები აქვთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რომელთა აზრით, რუსეთის დანაკარგები 120 ათასი მოკლული და დაჭრილია.

გამოკვლევაში სხვადახვა გრაფიკები და დიაგრამებია გამოყენებული. ერთ-ერთი აჩვენებს შარშან ზაფხულში, უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას, რომელშიც მკვეთრი მატება შეინიშნება. ასევე ბახმუტის ბრძოლების დროს.. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გათვლებით, ერთ მოკლულ უკრაინელზე სამი ან ოთხი რუსი ჯარისკაცი იგულისხმება.

დაღუპულთა ყველაზე მეტ რაოდენობას 25-29 წლის ასაკის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს წარმოადგენენ: 2022 წლის თებერვლიდან დაიღუპა 15-17 ათასი ადამიანი.

გამოკვლევაში არის ისტორიული კონტექსტიც: 2023 წლის აპრილისათვის რუსეთმა უკვე დაკარგა უფრო მეტი ჯარისკაცი, ვიდრე იმ ომებში და კონფლიქტებში, რომლებშიც საბჭოთა კავშირი 1945 წლის შემდეგ მონაწილეობდა (მაგალითად, კორეაში, ჩინეთთან, ავღანეთში და ა.შ.).

რუსეთის არმიის დანაკარგებს რეგულარულად აქვეყნებს უკრაინის მხარე. სულ ბოლო მონაცემებია 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომლის მიხედვით, რუსეთის დანაკარგები 180 ათას კაცს შეადგენს, მაგრამ ისინი სანდო ნამდვილად არ არის, რადგან, გასაგები მიზეზების გამო, რუსი დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ძალიან გაზვიადებულია. საბოლოო ჯამში შეიძლება გამოითვალოს დაახლოებითი რაოდენობა – მოკლულია 110 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ძალიან მძიმე წარმოდგენას იძლევა იმ შედეგებზე, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ გამოიწვია. ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, სულაც არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მას საკუთარი თანამემამულეების სისხლში აქვს გასვრილი ხელები.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს:

 „ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. არა 300 ათასი ან 150 ათასი, როგორც პუტინის ტრაბახა გარემოცვა აცხადებს, არამედ მხოლოდ 31 ათასი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვლას პრეს-კონფერენციაზე.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ციფრიც განგებ არის შემცირებული. სხვათა შორის, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, იმ დროისათვის უკრაინის ჯარებში ცოცხალი ძალის ზარალი 70 ათას მოკლულს და 120 ათას დაჭრილს აღემატებოდა.

წყარო