რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა საქართველოში – სპეციალისტების შეფასებები და პროგნოზები

585
spot_img

ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე შავ ზღვაში – კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების წყაროდ იქცა. ზღვაში დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიღვარა. რეალური საფრთხე, წყალში მოხვედრილი შხამ-ქიმიკატებია, რომლებსაც ფერმერები საცავებში ინახავდნენ. სპეციალისტებმა ამონიუმის აზოტის, ნიტრატების, ქლორიდების, რკინის და მყარი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა აღმოაჩინეს. შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა და ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ არის დაკლებული, რაც ზღვაში მტკნარი წყლის შედინებით იხსნება.

ქოლერა, ბოტულიზმი, ციმბირული წყლული – ეს არის იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა შავი ზღვიდან გავრცელდეს. უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ახლა ყველას აინტერესებს, წარმოადგენს თუ არა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ბანაობა საფრთხეს? – ამ კითხვაზე სპეციალისტებს ერთი პასუხი აქვთ – არა!

პრობლემა რეალურია უკრაინისთვის. ქვეყანამ ოფიციალურად აკრძალა ბანაობა და თევზაობა შავი ზღვის სანაპიროზე, ოდესაში. უკრაინის მოსახლეობას წყლის დეზინფექციისთვის სპეციალური ტაბლეტების გამოყენებას ურჩევენ – ამ წამლებს ადგილობრივი ხელისუფლება არიგებს.

ადგილობრივები ყოველდღიურად ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ ზღვა მწვანე ფერისაა. როგორც აცხადებენ, აქვს არასასიამოვნო სუნიც. შავი ზღვის სანაპირომ უჩვეულოდ მწვანე ფერი მიიღო ანექსირებული ყირიმის სანაპირო ზოლშიც. ეკოლოგები მოსალოდნელი რისკების შესახებ უკრაინის მეზობელ ქვეყნებსაც აფრთხილებენ.

შავი ზღვის მონიტორინგი გაძლიერდა რუმინეთში. სპეციალისტების შეფასებით, ქიმიური ნაერთებით და სხვა უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებული ტალღა, შავი ზღვის რუმინულ წყლებში რამდენიმე დღეში შეაღწევს, შემდეგ ბულგარეთში გადავა, სადაც უკვე მიიღეს მკაცრი ზომები. შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც წყლის ხარისხს ამოწმებენ. ბულგარეთის შემდეგ კი არის თურქეთის 1329 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი. თურქეთი, ისევე როგორც საქართველო აგრძელებს წყლის ხარისხის შემოწმებას და დაკვირვებას.

გაჩ­ნდა კი­თხვა, მო­აღ­წევს თუ არა მომწამვლელი ნივთიერებები შავი ზღვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო ზო­ლამ­დე.

წლის რომელ მონაკვეთში, როგორ მოძრაობს და ცირკულირებს შავი ზღვის დინება – მთავარი დინება გარს უვლის ზღვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაპირებთან ახლოს. ამ შეკრული წრის შიგნით გამოიყოფა იმავე მიმართულების ორი ციკლონური დინება – დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარე, რომელიც ზღვას ფაქტობრივად ორ ნაწილად ყოფს.

შავ ზღვაში დინების სიჩქარე დაახლოებით 20-30 სანტიმეტრია წამში. მანძილი კი, რომელიც დინებამ უნდა გაიაროს დაახლოებით 1300 კილომეტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენამდე მოსაღწევად რამდენიმე თვე დასჭირდება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შავი ზღვის მარილიანობა ხელს უშლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების გავრცელებას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.

სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მუდმივად ამოწმებს შავ ზღვაში წყლის ხარისხს. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ცხრა სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.

მწვანე კონცხი, ბათუმის ნავსადგური, ჭოროხის შესართავი, სარფი, გრიგოლეთი ერთი, გრიგოლეთი ორი, ურეკი, ყვავილნარი, ფოთი მალთაყვა – ეს ის სადგურებია, სადაც მუდმივად ხდება წყლის ხარისხის შემოწმება.

მაგალითად, ამ თვეში მარილიანობა 13-დან 16%-მდე მერყეობს. ტემპერატურა საშუალოდ 21-22 გრადუსია, მოწმდება ნიტრატების, ასევე ამონიუმის და ფოსფატების შემცველობა. მოწმდება ელექტროგამტარობაც.