
ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რაკეტების ანგარიში აშკარად არ არის უკრაინის სასარგებლოდ: ნიშნავს თუ არა დრონებით შეტევა რუსული სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჰაერო თავდასხმას?“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).
„ალბათ, ეს იყო ყველაზე უარესი დღე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში“. სწორედ ასე შეაფასეს უკრაინელმა სამხედროებმა დრონების შეტევები რუსეთის აეროდრომებზე გასულ კვირას, რომლებიც, ეჭვგარეშეა, ძალიან გამხნევდნენ ერთდროული დარტყმების მასშტაბითა და მათი შორ მანძილზე მოქმედებით, რომლის შედეგად მწყობრიდან იქნენ გამოყვანილნი, როგორც კიევი ამტკიცებს, 40-მდე სტრატეგიული ბომბდამშენი.
უკრაინელი სამხედროების განცხადება გაბედულია, მაგრამ არცთუ ზუსტი. გავიხსენოთ, რომ გერმანულმა ლიუფტვაფემ 1941 წლის 22 ივნისს, ანუ ნაცისტური გერმანიის სსრ კავშირზე თავდასხმის პირველივე დღეს, 1200 და შესაძლოა, 2000 საბჭოთა თვითმფრინავი გაანადგურა.
მაგრამ, უკრაინის გადაჭარბებული შეფასების მიუხედავად, პირველი ივნისი, კვირა, რუსული სტრატეგიული ავიაციისათვის და საერთოდ, რუსეთის არმიისათვის მართლაც ძალიან ცუდი დღე გამოდგა. ეს იყო უკრაინის მძლავრი პასუხი რუსული რაკეტებისა და დრონების შეტევაზე გასულ კვირაში, რომელიც კრემლმა უკრაინის ქალაქებზე განახორციელა და რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რისხვა გამოიწვია. ამერიკელმა ლიდერმა ამ შემთხვევაში უარი თქვა თავის ტრადიციულ მიდგომაზე – რუსი კოლეგის უდანაშაულობის პრეზუმფციის აღიარებაზე და იგი უკვე „ჭკუიდან გადასულად“, „გადარეულად“ შერაცხა.
მაგრამ ნიშნავს თუ არა უკრაინის შეტევა უფრო რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს, ვიდრე წარმატებულ საჰაერო თავდასხმას? დიახ, კრემლი გაცოფებული იქნება კიევის მოქმედებით და მისი უარით თავი წაგებულად აღიაროს, მაგრამ შემდეგ რა იქნება?
გასულ კვირას რუსეთმა ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკრაინის სამხედრო-სასწავლო ცენტრს, რომელმაც მრავალრიცხოვანი მსხვერლი გამოიწვია და რის გამოც პოსტიდან გადადგა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი მიხეილ დრაპატი. რეკორდული აღმოჩნდა რუსული დრონების რაოდენობაც, რომლებმაც კიევს და სხვა ქალაქებს შეუტიეს.
უკრაინა თანამედროვე დასავლური იარაღის რეზერვების თვალსაზრისით ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს „პეტრიოტებს“ რუსეთის შეტევის მოსაგერიელებლად რაკეტები აღარ ჰყოფნით. უკრაინას მცირე შანსები აქვს იმისა, რომ კიევს პენტაგონი ძველებურად უხვად დაეხმარება. უყურებს რა ამ სიტუაციას, ვლადიმერ პუტინი მშვენივრად აცნობიერებს იმას, რომ უკრაინის მსხვილი სტრატეგიული ქალაქები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა სულ უფრო დაუცველი და მოწყვლადი ხდება. ეს აშკარად იმას ნიშნავს, რომ კრემლმა დროულად უნდა ისარგებლოს სიტუაციით და უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის მტკიცე ნებისყოფა გაუტეხოს.
ამრიგად, ასეთ არასასიამოვნო ფონზე მოხდა საოცარი მოვლენა, რასაც უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დიდი ხნის ნანატრი განმტკიცება მოჰყვა – სწორედ სტამბოლის მოლაპარაკების წინ, როცა უკრაინას ძალიან ჭირდებოდა ხელში რაღაც კოზირი ჰქონოდა რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ირკუტსკისა და მურმანსკის ოლქებში მდებარე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბომბდამშენთა ბაზებზე შეტევის ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) ნამდვილად უპრეცედენტოა. ყველაზე მეტი ზიანი მიიღო შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასთან ახლოს მდებარე ავიაბაზა „ბელაიამ“ და კოლის ნახევარკუნძულზე, პოლარული წრის მიღმა დისლოცირებულმა „ოლენიამ“. უკრაინის უშიშროების სამსახურმა, მეტი დარწმუნებისათვის, ინტერნეტში ბევრი ვიდეო და ფოტომასალა განათავსა, თუ როგორ იწვიან შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები. კიევმა ასევე გამოაქვეყნა ის სცენარი, რომლითაც 18 თვის განმავლობაში მომზადებული ოპერაცია განხორციელდა – საიმედო ადამიანებით, სატვირთო ავტომანქანების მეშვეობით და დრონების დისტანციური მართვით (…).
უკრაინის უშიშროების სამსახურის შეფასებით, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ავიაციამ 7 მილიარდამდე დოლარის ზიანი მიიღო და, როგორც ჩანს, ბომბდამშენების – ბირთვულ რაკეტმზიდ თვითმფრინავების – საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდა. უკრაინის სარდლობას, ალბათ, ძალიან გაუხარდა იმ ბომბდამშენების განადგურება, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრციდან უშვებდნენ რაკეტებს უკრაინის ქალაქების დასანგრევად. „ოჰო, რა ლამაზად გამოიყურება „ბელაიას“ აეროდრომი“, – ისმის უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, გენერალ ვასილ მალიუკის ხმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალ დონეზე შეაფასა განხორციელებული შეტევა და აღნიშნა „მისი აბსოლუტური უნიკალურობა“. შემდეგ მან რუსეთისადმი მიყენებულ „ჭრილობაზე მარილი მოაყარა“ და წაიტრაბახა: „ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსული დაზვერვის ერთ-ერთი რეგიონული ფილიალის გვერდით მუშაობდა და მათ ვერაფერი გაიგესო“.
თუმცა, ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატების მიუხედავად, სამხედრო სიტუაცია მაინც რუსეთისათვის სასარგებლოდ რჩება – სანქციებით და სანქციების გარეშე. რუსეთის არმია ისევ წინ მიიწევს და რადგანაც კრემლი სულ უფრო მეტ დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს, ჰაერში უპირატესობა ისევ მოსკოვს აქვს და, აქედან გამომდინარე, საერთო მდგომარეობა უკრაინას კარგს არაფერს უქადის.
დღეისათვის დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინას ამერიკული „პეტრიოტის“ რვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი აქვს, მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარი დგას საბრძოლო პოსტზე, დანარჩენი რემონტშია. „პეტრიოტები“, პრინციპში, ერთადერთი იარაღია, რომელიც რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ორი „პეტრიოტია“ საჭირო ერთი რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად.
სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.
სხვათა შორის, როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშენკო ამბობს, 2025 წლისათვის რუსეთი 3000 დიდი სიშორის რაკეტების გამოშვებას გეგმავს, მათ შორის 750 „ისკანდერის“ და 560-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის Х-101-ის დამზადებას.
„პეტრიოტის“ რამდენი რაკეტა აქვს ამჟამად უკრაინას? ეს მონაცემი მკაცრად დაცულ სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ექსპერტების აზრით, ალბათ, 200-ზე ნაკლები არ აქვს, რაც საკმაოდ ცოტაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი ნებას მისცემს უკრაინას „პეტრიოტებისთვის“ აუცილებელი რაკეტების და აკუმულატორების საჭირო რაოდენობა შეისყიდოს, კიევი მათ შეძენას მაინც ვერ შეძლებს – იმიტომ, რომ კომპანია „ლოქჰიდ მარტინს“ წელიწადში მხოლოდ… 600 რაკეტის გამოშვება აქვს დაგეგმილი. განა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ყველა რაკეტას გადასცემს? რა თქმა უნდა, არა.
ასე რომ, რაკეტების ანგარიში უკრაინისათვის სასარგებლოდ არ არის. შესაბამისად, ქვეყნის სარდლობამ ამჟამად მზერა მიაპყრო რუსეთის ბომბდამშენების ბაზებს და რაკეტების საწყობებს, რათა ორივე – თვითმფრინავებიც და რაკეტებიც გააუვნებლოს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ კიდევ გავხდებით პირველი ივნისს მომხდარი შეტევის განმეორების მოწმე, მაგრამ ეს უკვე ძალიან რთული ამოცანა იქნება. თავის მხრივ, ალბათ, რუსეთიც გეგმავს საპასუხო ნაბიჯს…
მოამზადა სიმონ კილაძემ