პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები.
მისივე თქმით, მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ.
„კონსულტაციები წარმოებდა ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზშიც კი წარიმართებოდა კონსულტაციები. ჩვენ ვიყავით ძალიან გახსნილი. რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, სინამდვილეში, მას ჰქონდა კონსულტაციების იმიტაცია. ეს გამოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ მხარდაჭერის არავითარი მზაობა არ ჰქონდათ. ერთადერთი, ვისაც ისინი უჭერდნენ მხარს სახალხო დამცველის არჩევის დროს, ესენი იყვნენ უცხოელი აგენტები, რამდენიმე ასეთი კანდიდატი იყო, არავის სხვას არ უჭერდნენ მხარს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით სახალხო დამცველად და ასევე, როდესაც საქმე ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, მხოლოდ უცხოელ აგენტებს უჭერდნენ მხარს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ არც ერთ უცხოელ აგენტს არ ავირჩევდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს იყო კონსულტაციების იმიტაცია და არა რეალური კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.