“რადიკალურ ოპოზიციაში უნიჭო კლოუნები არიან” – გურამ მაჭარაშვილი

227
spot_img

რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, მათ შორის „მოლოტოვის კოტეილების“ სროლა. ცირკია ისიც, რომ კომიტეტის სხდომებზე მაგიდებზე შეხტნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურებს. ისინი ცირკში არიან, თუმცა თავად უნიჭო კლოუნები არიან.

საზოგადოებას არ ჰგონია, რომ ცირკშია, ისინი მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას ხედავენ. სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციას, 2024 წელს ცირკშიც აღარ იქნებიან და რეზერვში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.