“რადიკალურ ძალებს, მათ დამფინანსებლებს, მხარდამჭერებს სურდათ და სურთ არეულობა” – არჩილ თალაკვაძე

196
spot_img

საზოგადოებამ დაინახა, რომ გეგმა, რაზეც უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რეალურია და რადიკალურ ძალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს თუ დამფინანსებლებს რეალურად სურდათ და ახლაც სურთ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული პირველი ბრიფინგი და მასში გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მაშინვე ჩავთვალეთ საყურადღებოდ და საგანგაშოდ, რეალური იყო, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობოდა. კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი და გასაჯაროვდა დღეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ გეგმა, რაზეც უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რეალურია და რომ მართლაც რადიკალურ ძალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს თუ დამფინანსებლებს რეალურად სურდათ და ახლაც სურთ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა. კონკრეტულად სავარაუდო პირები არიან გამოვლენილი, ვინც ამზადებდნენ ახალგაზრდებს არეულობისთვის და სურდათ მათი გამოყენება დესტაბილიზაციისთვის, რაც, ბუნებრივია, არის უსაფრთხოების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის და კანონის პრინციპების წინააღმდეგ. ამიტომ თითოეულ ასეთ მცდელობას, რომელსაც პროტესტი გადააქვს უკვე ძალადობაში, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გადააქვს არაკანონიერ სივრცეში, რა თქმა უნდა, ექნება კანონიერი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან. არავის მივცემთ უფლებას და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მომავალს ძირი გამოუთხაროს, ქვეყანაში მოაწყოს დესტაბილიზაცია.

ბუნებრივია, ეს იმ ძალების მიზნებში შედის, რომლებიც არჩევნებში არიან ხელმოცარულები, წარუმატებლები და ახლა სურთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს შეუძლებელია და ამას ვერავინ გააკეთებს იმ მეთოდებით, რომლებზეც არის საუბარი და უკვე ვნახეთ კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. განცხადებებიც, რიტორიკაც, ის პროექტები თუ ტრენინგ-სემინარები, რასაც ატარებენ, ყველაფერი ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მართლაც გეგმავდნენ და მათ გეგმებში შედის არეულობა, დესტაბილიზაცია.

ჩემი შეფასებით, „კანვასმა“ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში, სადაც გამოძიების კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. რაც უკვე საჯაროდ ვნახეთ, ნამდვილად შემაშფოთებელი და საყურადღებოა, როდესაც ჩამოყვანილი ადამიანები პირდაპირ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, ძალადობრივი მეთოდებით როგორ გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ და არავითარი კავშირი არ აქვს ამას თავისუფლებასთან, ევროპულ მომავალთან, არც მშვიდობასთან. ამიტომ ნურავის ექნება ილუზია, გამოიყენებს ახალგაზრდებს, სხვადასხვა ჯგუფს იმ დესტრუქციული გეგმებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიდა ჩვენს ქვეყანას წარსულში, რაზეც არაერთხელ ჩვენ პრინციპული რეაგირება გვქონდა და დღესაც გვექნება ძალიან პრინციპული რეაგირება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ასპარეზისთვის არის არჩევნები და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვინც ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, ის ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.