“რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდე” – Politico

229
spot_img

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ“ (ავტორი – მეთ ბერგი), რომელშიც განხილულია უკრაინაში არსებული სიტუაცია – კორუფციის თვალსაზრისით და ის პოზიცია, რომელსაც აშშ ავლენს უკრაინულ მექრთამეობასთან ბრძოლის მიმართ. „კორუფცია უკრაინის არმიაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. არმია და ხალხი მთავრობის ანტიკორუფციული ბრძოლით უკმაყოფილოა“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ უკრაინა შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ კორუფციას საკმაოდ კარგად ებრძვის, ეს, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ამერიკის კონგრესმა კიევს დახმარება სამომავლოდაც გაუგრძელოს. უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა თეთრი სახლისთვის სულ უფრო მეტი ყურადღების საგანი ხდება.

უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებული კორუფცია ისეთი პრობლემაა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს მართლაც ძალიან აწუხებს, მაგრამ ამის შესახებ მათ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეუძლიათ. როგორც ერთ-ერთ კონფიდენციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, კორუფციასთან გრძელვადიანი ბრძოლა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან ნაბიჯებს, რათა კიევს დახმარება გაუწიოს თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენის აღკვეთაში და მთელი რიგი სექტორების რეფორმირებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში გამეფებულმა კორუფციამ შეიძლება დასავლელი მოკავშირეების დახმარება შეასუსტოს. თუ კიევი მეტ ყურადღებას არ დაუთმობს მექრთამეობასთან უკომპრომისო ბრძოლას, მის მიმართ დასავლეთის პოზიტიური განწყობა ნეგატიურით შეიცვლება.

დოკუმენტი დოკუმენტად, მაგრამ, რეალურად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მთლიანობაში უუნარობას ავლენს უკრაინაში კორუფციის ასალაგმავად.

როგორც მაქსიმ სკრიპჩენკო – უკრაინის ანალიტიკური ცენტრის „ტრანსატლანტიური დიალოგის“ დირექტორი – აცხადებს, გასულ თვეში იგი კონგრესის 40 წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ბევრმა კანონმდებელმა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებმა, მასთან საუბარი არ ისურვეს: მათი განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის კიევის ხელისუფლებაზე გავლენას ვერ ახდენს. დემოკრატმა კანონმდებლებმა კი მას უთხრეს, რომ უკრაინაში კორუფციის დონე გადაჭარბებულად არის შეფასებული, თუმცა აღიარეს, რომ რაც არის, ის კიევისადმი ნდობას ასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს აქტიურ ძალისხმევას ახმარს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრი თანამდებობის პირი იქნა დაპატიმრებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფრაგმენტულია და არასაკმარისი.

„ბევრი რიგითი უკრაინელი მოქალაქე მიესალმებოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ენერგიულ ანტიკორუფციულ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე. უკრაინელები დაიღალნენ თავიანთ ქვეყანაში გაბატონებული კორუფციით“, – ამბობს უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში. „კიევის მთავრობა კორუფციისადმი ზოგადად თმენის პოლიტიკას ატარებს, რადგან იციან – ამერიკა უკრაინას მაინც დაეხმარება ომში გასამარჯვებლად“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

მაგრამ ასეთი სიტუაცია მიუღებელია იმ უკრაინელებისათვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, მაგალითად, ვლადიმერ ომელიანისათვის – უკრაინის არმიის კაპიტნისათვის, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, ახლა კი ფრონტზე მოხალისედ იბრძვის. იგი თვლის, რომ კიევმა აუცილებლად უნდა შეცვალოს კადრები – „ჭუჭყიანი თეთრეულივით“, თორემ დიდი რისკია სამომავლოდ ფრონტზე უფრო მეტი ზარალი მიიღოს.

„ჩვენთვის, ფრონტზე მყოფებისათვის, მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ხალხს ატყუებს და ქურდობას აგრძელებს იმ დროს, როცა აქ ყოველდღიურად ვიღუპებით ბრძოლის ველზე“, – ამბობს ვლადიმერ ომელიანი, – ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმჯობესია თავისი ხაკისფერი კამუფლიაჟი ჰალსტუხითა და პიჯაკით შეცვალოს და გაანალიზოს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისსავე გუნდში“.

წყარო