“რა ზარალი განიცადა რუსეთმა უკრაინული დრონების შეტევის შედეგად და რამდენი დაუჯდა უკრაინას რუსეთზე შეტევა”- BBC

5
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა ზარალი განიცადა რუსეთმა უკრაინული დრონების შეტევის შედეგად და რამდენი დაუჯდა უკრაინას რუსეთზე შეტევა“, რომელშიც განხილულია ორივე მეომარი მხარის დანაკარგების მოცულობა ფინანსური გამოხატულებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინული დრონების მასირებულმა შეტევამ, რომელიც 5-6 ივლისს განხორციელდა, რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია: ჰაერში დრონების გამოჩენისთანავე დაიხურა აეროპორტები თითქმის 10 მსხვილ ქალაქში, რაც ადრე საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენდა. როგორც რუსეთის პრესა წერს, ეს კოლაფსი რუსულ ავიაკომპანიებს,  მინიმუმ, 40 მილიარდი რუბლი დაუჯდათ: გაჩერდა ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვის, კიროვის, ნიჟნი ნოვგოროდის, იაროსლავლის, იჟევსკის, სარატოვის, ულიანოვსკის აეროპორტების მუშაობა. დაიხურა სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიც და მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროვაგზლები.

ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ მოსკოვის „შერემეტიევოს“, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოსა“ და ნიჟნი ნოვგოროდის „ჩკალოვის“ აეროპორტები. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის – იმდენად მძიმე, რომ რუსეთის რკინიგზებმა დამატებითი მატარებლები გაუშვეს მგზავრთა ნაკადის დასარეგულირებლად.

„როსავიაციის“ ცნობით, 5-7 ივლისს რუსეთის ავიაკომპანიებმა გააუქმეს 485 ავიარეისი, მიმართულება შეიცვალა და სარეზერვო აეროპორტებში დაეშვა 88 თვითმფრინავი (რაც დამატებით ხარჯებს იწვევს), შეფერხდა 1,9 ათასი რეისის შესრულება, უკან დაბრუნდა 43 ათასი ავიაბილეთი.

გარდა ამისა, ფრენების გრაფიკის დარღვევა-გაუქმების გამო სასტუმროებში განთავსებული იქნა 94 ათასი მგზავრი. ავიაკომპანიების (და სახელმწიფოს) ხარჯზე მგზავრებმა მიიღეს 200 ათასი რუბლის ვაუჩერი წყლისა და უალკოჰოლო სასმელების შესაძენად და 155 ათასის – კვების პროდუქტებისათვის.

რუსეთი: ორ დღეში – 40 მილიარდი რუბლის ზარალი

რუსეთის აეროპორტებში მომხდარი კოლაფსი ავიაკომპანიებს მთლიანობაში დაახლოებით 40 მილიარდი რუბლი დაუჯდათ, წმინდა ზარალის სახით. ეს ციფრი დაადგინა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ ექსპერტების დახმარებით.

ერთ დღე-ღამეში მსგავსი კოლაფსის დროს, რომელიც მთელი ქვეყნის ავიაგრაფიკზე აისახება, კომპანიების დამატებითმა ხარჯებმა (რეისის გაუქმება, გადავადება, თვითმფრინავის სათადარიგო აეროპორტში დაშვება და ა.შ.) შეიძლება საშუალოდ 20 მილიარდ რუბლს მიაღწიოს. შესაბამისად, ორ დღე-ღამეში ზარალი 40 მილიარდი რუბლით გამოიხატება, ანუ დაახლოებით 507 მილიონი დოლარით..

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ მიახლოებითი ციფრებია. გარდა ამისა, მათში არ არის ნაგულისხმევი სხვა ხარჯები – თვითონ მგზავრებისადმი დამატებითი მომსახურების გაწევა, სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურების ზარალი.

უკრაინა: რა დაუჯდა კიევს რუსეთზე შეტევა

უკრაინამ შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 5-7 ივლისს, რუსეთის ტერიტორიისაკენ მინიმუმ 485 დრონი გაუშვა. როგორც წესი, უკრაინაც და რუსეთიც აცხადებს ხოლმე, ამდენი და ამდენი დრონი ჩამოვაგდეო, მაგრამ შევხედოთ სიტუაციას: სამოქალაქო ავიაციისათვის ერთი დრონიც კი საკმარისია „ცა დაიხუროს“ მთელ იმ რეგიონში, სადაც მას აღმოაჩენენ: ჰაერში სამგზავრო ავიალაინერის შეჯახება ასაფეთქებელი ნივთიერების მქონე დრონთან თვითმფრინავის გარანტირებულ კატასტროფას ნიშნავს. გარდა ამისა, თვითმფრინავისა და დრონის ერთად ჰაერში ყოფნა ხელს უშლის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მუშაობას, რომელმაც რადარის ეკრანზე შეიძლება ვერ ამოიცნოს სამგზავრო თვითმფრინავის მარკა და შეცდომით, დრონის ნაცვლად, მგზავრებიანი ავიალაინერი ჩამოაგდოს.

ერთი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონის „ლიუტის“ („დაუნდობელი“) ღირებულება 200 ათას დოლარს აღწევს (ასეთი იყო მისი ფასი ერთი წლის წინათ). ეს არის ყველაზე ძვირი შორს მანძილზე მოქმედი დრონი, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ შეტევის დროს სხვა ტიპის დრონებიც მონაწილეობენ.

და მაინც, თუ დავუშვებთ იმას, რომ იერიშში მონაწილე ყველა დრონი „ლიუტის“ მარკისა იყო, მაშინ შეტევა უკრაინას 97 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ანუ, თუ ერთმანეთს შევადარებთ რუსეთის ფინანსურ დანაკარგებს (მინიმალურს) და უკრაინის ხარჯებს (მაქსიმალურს), განსხვავება დაახლოებით 4,5-ჯერ ნაკლები იქნება უკრაინის სასარგებლოდ.

ამიტომაც შორი მოქმედების დრონის გაშვების დროს ხშირად მნიშვნელობა არ აქვს, მოხვდნენ თუ არა ისინი სამიზნეს და გაანადგურეს თუ არა ესა თუ ის ობიექტი. თუ ერთი დრონიც კი რუსეთის რომელიმე რეგიონის ცაზე გამოჩნდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ მან უკვე მიაყენა ზიანი იმაზე ბევრად უფრო დიდი, რაც თვითონ ღირს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: