საქართველოს კანონმდებლობის მიღებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, რომ მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ამ კანონს და მიიღებს. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსისა და უცხოელი აქტორების მოსაზრებებს, ბევრი გვსმენია, მათ შორის ევროპარლამენტარების, ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამით სამხედრო დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვიწოდებდნენ და ზოგიერთი დღემდე არ იშლის. შემდეგ რომ ეს ადამიანები მოგვიწოდებენ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ მიმართ ნდობა ნაკლებია. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან საუბრისთვის მზად ვართ. ვისაც აქვს არგუმენტები ვისმენთ ამ არგუმენტებს. სამწუხაროდ, დღემდე, რაიმე ღირებული და შინაარსობრივი არგუმენტი არ მოგვისმენია. მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, კანონის დაბრენდვა და დისკუსიის აკრძალვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.