
რუსეთში განაცხადეს, რომ „შავი ზღვის ინიციატივის“ აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც დასავლეთი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის.
ამის შესახებ ნათქვამია ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„1. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეთანხმების შესაბამისად, რუსეთისა და აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ „შავი ზღვის ინიციატივის“ განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთას, ამგვარი გემების შემოწმების გზით სათანადო საკონტროლო ზომების ორგანიზებით;
2. აშშ ხელს შეუწყობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენას, საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ღირებულების შემცირებას, ასევე პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაფართოებას ასეთი ტრანზაქციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტები ძალაში შევა შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ:
„სანქციების მოხსნა „როსსელხოზბანკისა“ და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით საერთაშორისო ვაჭრობის ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი SWIFT-თან მიერთება, საჭირო საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების შეზღუდვების მოხსნა;
სანქციების მოხსნა საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე სადაზღვევო კომპანიებისთვის საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების ტვირთებთან მუშაობის შეზღუდვების მოხსნა;
პორტებში გემების მომსახურებაზე შეზღუდვების მოხსნა და სანქციების მოხსნა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საკვებით (მათ შორის თევზის პროდუქტებით) და სასუქებით ვაჭრობაში;
რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ასევე საკვების (მათ შორის თევზის პროდუქტების) და სასუქების წარმოებაში გამოყენებული სხვა საქონლის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნა“.
ამავდროულად, კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ: „რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმების განსახორციელებლად, რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვის შესახებ 30 დღის ვადით, 2025 წლის 18 მარტიდან დაწყებული, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით და შეთანხმებიდან გასვლის უფლებით ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში.
რუსეთი და აშშ მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილ ნებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ და საზღვაო სფეროებში შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერას. რუსეთი და აშშ გააგრძელებენ მუშაობას მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“.