ლაშა ბასლანძე “კურიერთან” კომენტარს აკეთებს, თავის რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა. მისი თქმით, დაზიანებამდე საქმე არ მისულა, თუმცა, დაპირისპირების დროს, მისი პარტნიორის მეგობარმა ჰაერში იარაღი გაისროლა, რესტორნის თანამშრომელმა მას იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს.
ბასლანძე აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე მხარეს გასროლის გამო უჩივლოს. მისი თქმით, მომხდარს და დაპირისპირებული მხარის მოქმედებებს თავად სამართალდამცველები შეაფასებენ.
ინციდენტი გუშინ, რესტორან “ქვევრში” მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
“ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე… დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა (…თუ დაცვის თანამშრომელმა), რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს – პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა… პროკურორი და გამომძიებელი მე არ ვარ… პოლიცია შეაფასებს, ალბათ, მაგათ მოქმედებებს”, – აცხადებს ლაშა ბასლანძე “კურიერთან” საუბრისას.