რა ხდება უკრაინაში ომის 526-ე დღეს

128
spot_img

კიევში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა ირანული დრონებით განხორციელდა.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატის ნეიტრალიზება შეძლო.

სერგეი პოპკოს განცხადებით, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე არსებობს.

“ყურადღება! უპილოტო საფრენი აპარატი საფრთხეს უქმნის დედაქალაქს! გადადით თავშესაგრებში!” – განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა ამუშავდა.

“საჰაერო განგაში გრძელდება! ოლქში, კიევის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა მუშაობს. იყავით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!” – განაცხადა სერგეი პოპკომ.

ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.

რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა.

მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში.

ასევე, გენშტაბის ცნობით, შახტიორსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს სტარომაიორსკის დასავლეთით და უროჟაინოეს ჩრდილოეთით დაკარგული პოზიციის აღდგენა.

ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ძალების ძალისხმევა მიმართულია უკრაინელების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევითი ოპერაციის ჩატარებას და მიღწეულ ხაზებზე კონსოლიდაციას განაგრძობენ.

გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და უკრაინის დასახლებებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ბომბავენ.