რა ხდება პუტინის იარაღის საიდუმლო იმპერიაში – The Economist

13
spot_img

“რუსეთის არმიისა და შეიარაღების განახლება უპერეცედენტო ტემპებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა ხდება პუტინის იარაღის საიდუმლო იმპერიაში“. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნების აქტიურობა სულ უფრო მატულობს და არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო წარმოების თვალსაზრისით, რუსეთი მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკებისათვის სამაგალითო გახდეს, თუმცა არსებობს პრობლემებიც.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ამას წინათ ევროპაში ნატოს კონტინგენტის მთავარსარდალმა, გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის – სენატის კომიტეტს შეატყობინა, რომ რუსეთში უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით  მიმდინარეობს არმიის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების (ტანკების) და საბრძოლო მასალების განახლება. მიმდინარე წელს რუსეთის სამხედრო ქარხნები გამოუშვებენ 1500 ტანკს და ეს მაშინ, როცა აშშ-ის მხოლოდ 135 ტანკის გამოშვება შეუძლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მიმდინარე წელს ქვეითთა 3000 ჯავშანმანქანის მიღება, აშშ კი დღეისათვის არცერთ მსგავს საბრძოლო მანქანას არ აწარმოებს. მოსკოვი ასევე გეგმავს თვეში 250 ათასამდე ჭურვის დამზადებას, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსეთს იმდენი რეზერვი დააგროვოს, რომელიც „სამჯერ აღემატება აშშ-სა და ევროპის სამხედრო პოტენციალს, ერთად აღებულს“.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაფართოების მასშტაბების გასაგებად „ეკონომისტს“ კონსულტაციები ჰქონდა დასავლურ კომპანიებთან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უყენებენ სხვადასხვა წყაროებიდან სტატისტიკური მონაცემების შესარჩევად. ამასთან, კომპანიებმა „ეკონომისტის“ რედაქციას სთხოვეს, რომ მათი დასახელება ანონიმური დარჩეს.

განვიხილოთ რუსეთის ცალკეული ქარხნების მონაცემები:

„ურალვაგონზავოდი“ – რუსეთის უდიდესი ქარხანა თანამედროვე ტანკების წარმოების მხრივ. მისი საკონვეიერო სიმძლავრემ ბოლო 12 თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. აქვს წარმოების სრული ციკლი, მუშაობის რეჟიმი – უწყვეტი.

 „ომსკტრანსმაში“ დასავლეთში ცნობილია როგორც „ომსკის სატანკო ქარხანა“ და არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო საბრძოლო ტექნიკის დამზადების თვალსაზრისით. „ომსკტრანსმაში“ ასევე არემონტებს მოძველებულ ტანკებს „ტ-80“-ებს და მათ მოდერნიზებას ახდენს. ქარხანა სრული ციკლით მუშაობს, სადღეღამისო რეჟიმით. „ომსკტრანსმაშის“ აქტიურობა შესამჩნევი იყო 2022 წლის თებერვლამდეც, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკადრო თანამშრომლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და 2023 წლის შუახანებისთვის მაქსიმუმს მიაღწია.

რუსეთში, რასაკვირველია, სხვა მსხვილი სამხედრო ქარხნებიც არის – „არზამასის მანქანათმშენებელი ქარხანა“ – უშვებს ჯავშანტრანსპორტიორებს და „ვეფხვის“ ტიპის ჯავშნიან ავტომობილებს. „კურგანმაშზავოდი“ – ამზადებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და თვითმავალ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებს. „მოტოვილიხზავოდი“ – ამზადებს დანადგარებს „გიაცინტს-ბ“-ებს, რეაქტიული სისტემის ზალპური ცეცხლის სისტემას „სმერჩს“ და „ურაგანს“. ისინი მუდმივად აფართოებენ და ზრდიან სიმძლავრეებს.

ეკატერინბურგის „დევიატიი ზავოდი“ („ქარხანა № 9“) აწარმოებს ჰაუბიცებისა და ტანკების ლულებს. კოსმოსიდან თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე შეიძლება ღია ცის ქვეშ თავმოყრილი ქვემეხების დანახვა. ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს საკონსტრუქტორო ნიურო „ნოვატორი“, რომელიც დაკავებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დაპროექტებით. წარმოების გაფართოების ნიშნები ჩანს ვოლგოგრადის ცენტრ „ტიტან-ბარიკადში“ და ტულის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „სპლავ“-ში, სადაც მზადდება რეაქტიული ჭურვები „ურაგანებისა“ და „სმერჩებისათვის“.

რუსეთის არმიის მიერ ყოველწლიური მოხმარების მიზნით სამი მილიონი ჭურვის დასამზადებლად საჭიროა კოლოსალური რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება. ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე საწარმოში „ზავოდ იმენი სვერდლოვა“ („სვერდლოვის სახელობის ქარხანა“) არსებობს ქიმიური ნივთიერებების საამქროები რეაქტიული ჭურვებისა და „მფრინავ-პლანერული ბომბებისათვის“. აქ პროდუქციის გამოშვება მხოლოდ ბოლო თვეებში, სანდო წყაროების მონაცემებით, მრავალჯერადად გაიზარდა.

რუსული, ევროპული და ევრაზიული კვლევების ცენტრის თანამშრომლის ჯულიან კუპერის თქმით, წარმოების მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა მრავალპროფილიან ქარხანა „სელმაშ“-ში, რომელიც კიროვში მდებარეობს. იქ საბრძოლო მასალების გარსაცმებს ამზადებენ.

ირანელი კონსტრუქტორების მიერ შექმნილი დრონი-„კამიკაძე“ „შაჰედ-136“ (Shahed-136) სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩანს უკრაინის ცაში: 2025 წლის მარტში დაფიქსირდა 140 შეტევა ყოველდღიურად, რომელიც ბევრად აღემატება შარშანდელ მონაცემებს. იარანულ დრონებს აწყობენ თათრეთში მდებარა „ალაბუგის“ ქარხანაში და იქვე ახლოს მდებარე აეროპორტ „ბეგიშევოს“ სახელოსნოებში.

მაგრამ მხოლოდ ეს არ არის რუსეთის სამხედრო წარმოების აქტიურობის ნიშნები. „ეკონომისტი“ სხვა მიმართულებებსაც თვალს ადევნებდა. მაგალითად, ალტაის პატარა ქალაქ ბიისკში არსებულ სამხედრო კვლევების ერთ-ერთ ცენტრში აწარმოებენ  ოლეუმს – თანამედროვე ასაფეთქებელი ნივთიერების მთავარ კომპონენტს. კოსმოსური დაზვერვის შედეგად ირკვევა, რომ ქარხანაში ტრანსპორტის შესვლისა და გასვლის სიხშირე 19%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით, ხოლო სამუშაო ადგილზე ყოფნის დრო – 32%-ით.

მაგრამ რუსეთის თავდაცვითი მრეწველობისათვის ძველებურად არსებობს გარკვეული შეზღუდვა. 2024 წელს რუსეთის არმია ძირითადად ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების იმპორტის იმედად იყო, მაგრამ ფხენიანსაც ჭურვების მარაგი გამოულეველი არ აქვს. ლონდონის  თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მონაცემებით, რუსეთი დღემდე ახდენს საარტილერიო დანადგარებისათვის აუცილებელი ზოგიერთი კომპონენტის იმპორტს, მაგალითად, ლულების დასამზადებლად ქრომის შესყიდვას საზღვარგარეთ, აგრეთვე ბამბის ცელოლუზისაც, რომელიც გამოიყენება დენთის წარმოებისათვის.

„დღეს არ არის არცერთი ობიექტური მიზეზი იმისა, რომ რუსეთის სამხედრო საწარმოები ტემპს ვერ შეინარჩუნებენ საკმაო დროის განმავლობაში“, – წერს ჯულიან კუპერი სტატიაში, რომელიც მან RUSI-ის დაკვეთით მოამზადა, – „ბედის მწარე ირონიაა, რომ დღეს დასავლეთის ყველა განვითარებული ეკონომიკები ყურადღებით დააკვირდებიან ყველაფერს, რასაც რუსეთი აწარმოებს – სწორი ადაპტაციის მიზნით“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ